პოლიტიკა

გიორგი გაბუნია: დღეს ეკლესია არის ისეთი ძლიერი, როგორც არასდროს და თუ ვინმე ფიქრობს, რომ ჩვენი ეკლესია პატრიარქის გარეშე სუსტია და შეუძლია მის საქმიანობაში ხელები აფათუროს, მწარედ ცდება

პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა ეკლესიის ავტორიტეტზე და იმაზე, თუ როგორ ცდილობდნენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მის დისკრედიტაციას. 

მისი თქმით, „ფერადი რევოლუციების და რბილი ძალის მართვის ტექნოლოგები ეკლესიას ყოველთვის განიხილავდნენ და განიხილავენ  დარტყმის მთავარ ობიექტად. მათი მიდგომა და ხედვა არის შემდეგი: რომ ეკლესია, როგორც უმაღლესი მორალური ავტორიტეტი და მთავარი ფუნდამენტი საზოგადოების სულიერი სიძლიერისა უნდა დასუსტდეს“.

გაბუნიას აზრით, გარკვეული ძალები მიზანმიმართულად ცდილობდნენ ეკლესიის დასუსტებას, რადგანაც ეს ინსტიტუცია საზოგადოებაში ყველაზე დიდი ავტორიტეტით სარგებლობს. 

„ამისთვის საჭიროა რომ მათ მიერ შექმნილი ცრუ ავტორიტეტებისგან მუდმივად ჟღერდეს, რომ ეკლესია კორუმპირებულია, თანამშრომლობს რუსეთთან, რომ ეკლესია  დაშორდა ხალხს, შედეგად კი ამას უნდა მოჰყვეს საზოგადოების თვალში ეკლესიის გაუფასურება, ნდობის შემცირება, რათა კრიტიკულ მომენტებში ეკლესიის მოწოდებამ სიმშვიდისკენ, ურთიერთგაგებისკენ, შერიგებისკენ აღარ იმუშაოს. 2004 წელს სწორედ მსგავსი ძალები თავისუფლების ინსტიტუტი და სხვა მსგავსი ენჯეო – აგენტურა მუდმივად იყვნენ მომართული ეკლესიის წინააღმდეგ.  

ჩვენ ვნახეთ ამ მძიმე დღეებში, როდესაც მთელი ერი და ქვეყანა პატრიარქის გარდაცვალებას გლოვობდა,  პარლამენტის წინ იდგა დროიდან და სივრციდან ამოგლეჯილი რამდენიმე ადამიანი შეკვეთილი და ყავლგასული ბანერებით. მაშინ როდესაც ჩვენმა მუსლიმმა ძმებმა და დებმა რამაზან ბაირამის დღესასწაულის აღნიშვნა გააუქმეს და საერთო მწუხარება გაიზიარეს.  ამ დროს, ისინი, ვინც ევრო ბიუროკრატიიდან ტოლერანტობას და დემოკრატიას გვასწავლიან  – მათგან ერთი სამძიმრის წერილიც კი ვერ მივიღეთ, მათი პრომოაქტივისტები განაგრძობენ სიბნელეში ღამღამობით გამოჩენას. და როდესაც სიბნელეში არსებობას ეჩვევი, მერე სინათლე თვალებს ჭრის და ვხედავთ რომ ადამიანები არასოდეს განიცდიან სინდისის ქენჯნას ჩვეულებად ქცეული უგუნურების გამო“-აღნიშნა გაბუნიამ. 

გაბუნიას თქმით, მიუხედავად მცდელობებისა, ეკლესია დღესაც ძლიერ ინსტიტუციად რჩება, რასაც ის ილია II-ის ღვაწლსა და დამსახურებას უკავშირებს. 

„მე მინდა ერთ რამეს გავუსვა ხაზი, რომ ქართული მართლმადიდებლური სამოციქულო ეკლესია იმართება სინოდალური მმართველობით რაც ერთგვარი მყარი გარანტიაა ეკლესიის დამოუკიდებლობისა. დღეს ეკლესია არის ისეთი ძლიერი როგორც არასდროს საქართველოს ისტორიაში და სწორედ ამაშია ჩვენი უძვირფასესი უწმინდესის დამსახურება- გარდაცვლილი პატრიარქის ღვაწლი და დამსახურება ამაში გამოიხატება, რომ დღეს ეკლესია არის ისეთი ძლიერი, როგორც არასდროს და თუ ვინმე ფიქრობს, რომ დღეს ჩვენი ეკლესია პატრიარქის გარეშე სუსტია და შეუძლია მის საქმიანობაში ხელები აფათუროს, მწარედ ცდება. 

დღეს არის 31 მარტი, დამოუკიდებლობის აქტის გამოცხადების დღე და მინდა, თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს მივულოცო დღევანდელი დღე, ასევე ზვიად გამსახურდიას დაბადების დღე. და სწორედ დღევანდელ დღეს მინდა ვისურვო და  ღმერთმა ინებოს, რომ ჩვენს ქვეყანას ჰყავდეს პატრიარქი, რომელიც გააგრძელებს ილია II-ის გზას, გააგრძელებს ერის სულიერ და მორალურ გაძლიერებაზე ზრუნვას და შეეწევა ჩვენს ქვეყანას, რომ ამ ურთულეს დროში, როდესაც დანაღმულ ველს ჰგავს მთელი მსოფლიო მშვიდობით, სიბრძნით, გონიერებით, მოთმინებით, ერთობით გავიდეთ სამშვიდობოს.“-განაცხადა გიორგი გაბუნიამ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა