„თუკი ირანის ომამდე ჩვენთვის საფრთხე მხოლოდ ჩრდილო-დასავლეთიდან მოდიოდა, დღეს სამხრეთ-აღმოსავლეთის ცეცხლი ბევრად უფრო მეტად გვეხება, ვიდრე უკრაინის. რამდენიმე დღის წინ ისიც გავიგეთ, რომ ჩეჩენი მებრძოლები ირანში წასასვლელად ემზადებიან, და ამ დროს ქართული ოპოზიცია ნაკვერჩხალს აღვივებს, რომ როგორმე აქ გადმოისროლონ მუგუზალი“ – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე.
მისი თქმით, ევროპა-ამერიკის დაპირისპირება პიკს აღწევს.
„მშვიდობის პოლიტიკით მოსულმა დონალდ ტრამპმა ომის ქარბორბალა დაატრიალა, სადაც ფაქტობრივად მარტო აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ევროპულ სახელმწიფოებს ამერიკისთვის ომში პარტნიორობის პირობა არ მიუციათ, ტრამპი მაინც განრისხებულია ევროპაზე და ნატოდან გასვლით იმუქრება. ბუნებრივია, ნატოდან ამერიკის შეერთებული შტატების გასვლა, რაც რთული პროცესია, ნატოს დაშლას გამოიწვევს.
რატომ არ უერთდება ევროპა ამერიკას ირანის წინააღმდეგ ომში მაშინ, როდესაც მათ არაჩვეულებრივი შანსი აქვთ, რომ ტრამპის გული მოიგონ და შემდეგ უკრაინის ომში ჩართონ? აქ საუბარი იმაზეა, რომ ევროპული სახელმწიფოები ერთგვარ ჯავრს იყრიან ტრამპზე, რომელმაც ისინი რუსეთის წინააღმდეგ მარტო დატოვა, არ არის ლოგიკური. როგორც უკვე აღვნიშნე, ევროპას საუკეთესო შანსი აქვს, სწორედ ახლა, ტრამპისადმი ერთგულების დამტკიცებით, მომგებიანი პოლიტიკური სვლები გააკეთოს, მაგრამ, სამწუხაროდ, დღეს ევროპა უძლურია ამ პოლიტიკურ თამაშებში. ევროპა ვერ ჩაერთვება ირანის წინააღმდეგ ომში თუნდაც საკუთარი ჭარბად მიგრირებული მუსლიმი მოსახლეობის გამო. მათი ერთი გადადგმული ნაბიჯიც კი ომისკენ, ევროკავშირის თანამედროვე პოლიტიკური ელიტის გარდაუვალ ცვლილებებს მოიტანს.
ევროპა საკუთარი ლიბერალური მიგრაციული პოლიტიკის ტყვეობაშია, რითაც ისინი წლების განმავლობაში თავს იწონებდნენ და იაფ მუშახელს უშვებდნენ ქვეყნებში. გარდა ამისა, ევროპა ეკონომიკური კრიზისის ზღვარზეა, რადგან მარტონი ვეღარ აუდიან უკრაინის ომის ფინანსურ დონაციას და ამერიკისგან მიტოვებულთ, არ სურთ ჩინეთთან ურთიერთობების გაფუჭება. ჩინეთი კი ირანის მთავარ პარტნიორად მოიაზრება. ამ ფონზე ევროპა-ამერიკის დაპირისპირება პიკს აღწევს. პიკს აღწევს ასევე ომის სიმძაფრე როგორც ირანის, ასევე უკრაინის ტერიტორიაზე. არც ევროპას აქვს უკან დასახევი უკრაინის ომში და არც ამერიკას ირანის ომში. უსაფრთხოებას და ეკონომიკას რომ თავი დავანებოთ, ეს უკვე მათი საიმიჯო ომებია და წაგება პოლიტიკური კრახი იქნება. სწორედ ეს არის ყველაზე საშიში და გასათვალისწინებელი დანარჩენი მსოფლიოსთვის, მათ შორის ჩვენთვის. თუკი ირანის ომამდე ჩვენთვის საფრთხე მხოლოდ ჩრდილო-დასავლეთიდან მოდიოდა, დღეს სამხრეთ-აღმოსავლეთის ცეცხლი ბევრად უფრო მეტად გვეხება, ვიდრე უკრაინის. რამდენიმე დღის წინ ისიც გავიგეთ, რომ ჩეჩენი მებრძოლები ირანში წასასვლელად ემზადებიან, და ამ დროს ქართული ოპოზიცია ნაკვერჩხალს აღვივებს, რომ როგორმე აქ გადმოისროლონ მუგუზალი. არადა, დღეს ჩვენი ყველაზე ჩუმი ამოსუნთქვაც კი როგორც რეგიონის, ასევე ოკეანის გაღმა სახელმწიფოებსაც ესმით. ყველას გვჯერა, რომ საქართველო აუცილებლად გადარჩება, მაგრამ გადარჩენამდე დიდი გადარჩევის გზა გვაქვს გასავლელი,“ – წერს თამარ ჩიბურდანიძე.











