სამხრეთ კავკასიაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასა და მსოფლიო პოლიტიკაში რეგიონის მნიშვნელობაზე ისაუბრა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა მედიასთან.
როგორც სუბარმა განაცხადა, მშვიდობის შენარჩუნებაზე უფრო დიდი მიზანი და ამოცანა დღეს ქართულ სახელმწიფოს და საქართველოს ხელისუფლებას არ აქვს. სოზარ სუბარმა იმაზეც გაამახვილა ყურადღება, რომ მშვიდობას ჩვენს ქვეყანაში ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს იმ უცხოური აგენტურის სახით, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, რომ საქართველო ჩართული აღმოჩნდეს უკრაინაში ან ირანში მიმდინარე საომარ მოქმედებებში.
„4 წელია ჩვენ, „ხალხის ძალა“, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მშვიდობა შევინარჩუნოთ და ამ ბრძოლაში ხელისუფლებისთვის მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის. ერთ წამში, ერთი დაუფიქრებელი ნაბიჯით ყველაფერი შეიძლება დავკარგოთ. ერთი ტყვიის გავარდნის, თოფის ერთი გასროლის შემდეგ სამყარო იცვლება, სხვა რეალობა დგება და მშვიდობის უკან მობრუნება არის თითქმის შეუძლებელი. ამას ტრაგიკულ მაგალითებს ვხედავთ უკრაინასა და ირანში. ომს მოაქვს სისხლი, ნგრევა, განადგურება და ამის თავიდან აცილებაზე დიდი ამოცანა დღეს ჩვენ არ გვაქვს. მეორე მხრივ, ქართული საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც პირდაპირ უცხოეთიდან იმართება, საქართველოში ცხელი ბომბების წვიმას ნატრობს. ესენი არიან უცხოეთიდან დაფინანსებული აგენტები, რომლებიც ღიად ითხოვენ, რომ ჩვენ უნდა დავძრათ ტანკები ცხინვალისკენ და სოხუმისკენ და აცხადებენ, რომ უნდა გამოვიყენოთ შექმნილი ვითარება, მათი ტერმინებით რომ ვთქვათ, „უნდა გამოვიყენოთ შესაძლებლობების ფანჯარა“ ხან რუსეთის და ხანაც ირანის წინააღმდეგ ომის დასაწყებად. ესენი არიან საქართველოში დაბადებული, ქართული გვარის ადამიანები, რომლებიც სხვა ქვეყნებს ემსახურებიან და მათი დავალებების შესრულების მიღმა სხვა პერსპექტივა არა აქვთ. ჩვენი განვითარების ერთადერთი საწინდარი მშვიდობის შენარჩუნებაა და ამაზე დიდი ამოცანა ჩვენ არა გვაქვს,“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა საქართველო-აზერბაიჯანის პარტნიორობაზეც ისაუბრა და ამ ურთიერთობების სხვადასხვა ასპექტზე გაამახვილა ყურადღება.
„აღარ გავამახვილებ ყურადღებას იმაზე, რომ ათასწლეულებია მეზობლები ვართ და ჭირ -ვარამიც საერთო გვქონდა და წარმატებაც. აღარც იმაზე, რომ საქართველოში 200 000-ზე მეტი აზერბაიჯანელი ცხოვრობს და ისინი ჩვენი ქვეყნის ერთგული მოქალაქეები არიან, ისევე, როგორც 30 ათასამდე ქართველი ცხოვრობს საინგილოში, აზერბაიჯანში და ისინი, რამდენადაც კარგი ქართველები არიან, იმდენადვე არიან აზერბაიჯანის ერთგული მოქალაქეები. დღევანდელ ვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ჩვენი ქვეყნები დაკავშირებულია უმჭიდროვესი ეკონომიკური კავშირებით და წარმოუდგენელია საქართველოს განვითარება, თუ აზერბაიჯანში არ იქნება მშვიდობა და ანალოგიურად, აზერბაიჯანი ვერ განვითარდება, თუ საქართველოში არ იქნება მშვიდობა. ჯერ კიდევ 30 წლის წინ ჰეიდარ ალიევმა და ედუარდ შევარდნაძემ დაიწყეს იმ პროექტების განხორციელება, რომლებიც ახლა სტაბილური განვითარების საფუძველს წარმოადგენს ჩვენი ქვეყნებისთვის.
კარგად მახსოვს, საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის რანგში ედუარდ შევარდნაძის პირველი ვიზიტი ლონდონში 1994 წლის ნოემბერში. ეს არის პერიოდი, როცა საქართველოში არ გვქონდა არც დენი, არც გაზი, ქვეყანაში არ იყო ხორბლის უმცირესი მარაგიც კი. ჟურნალისტებს, რომლებიც მას ახლდნენ, იმედი ჰქონდათ, რომ შევარდნაძე, თავისი ავტორიტეტის გამოყენებით, შეძლებდა და ქვეყნისთვის რამდენიმე თვის სამყოფ ხორბალს მაინც იშოვიდა. ამის ნაცვლად კი მან უმრავლესობისთვის სრულიად გაუგებარ საკითხზე – რაღაც მილსადენზე დაიწყო ლაპარაკი. ასე ჩაეყარა საფუძველი პირველ ნავთობსადენს – ბაქო-სუფსას და ასე დაიწყო საქართველომ მსოფლიო გეოპოლიტიკაში თავისი სტრატეგიული მნიშვნელობის დაბრუნება. მოგვიანებით ბაქო-სუფსის ნავთობსადენს მოჰყვა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და სამხრეთის გაზსადენის მშენებლობა. მაშინ ამ პროექტების განხორციელებას რუსეთი სასტიკ წინააღმდეგობას უწევდა, მაგრამ ორი ქვეყნის ლიდერების ერთობლივი ძალისხმევით მათი ხორცშესხმა მაინც მოხერხდა. დღეს ამ პროექტებს არა მხოლოდ ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს, არამედ მათი არსებობა არანაკლებ მნიშვნელოვანია რეგიონული სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნებისთვისაც,“ – განაცხადა სოზარ სუბარმა. მან რეგიონის ქვეყნებთან ურთიერთობებზე საუბრისას სომხეთის როლზეც გააკეთა აქცენტი. „რაც შეეხება სომხეთ-აზერბაიჯანის მიმართულებით ახალი დერეფნების გახსნას, ჯერ ერთი, მათ სრულფასოვან ამოქმედებას შესაძლოა ათწლეულიც კი დასჭირდეს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, მსგავსი სატრანსპორტო დერეფნებისა და ინფრასტრუქტურის განვითარება, თავად რეგიონს ხდის უფრო მიმზიდველს. როცა ინფრასტრუქტურა კარგადაა განვითარებული, როცა რეგიონში სტაბილურობა და მშვიდობაა, მაშინ ინვესტიციები შესაძლოა 3-5-ჯერ გაიზარდოს დღევანდელთან შედარებით,“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.











