„ვეფხისტყაოსნის“ რობერტ სტურუასეულ ინსცენირების გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს ირაკლი კაკაბაძე სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს:
სტურუა და ობივატელი
მე არ მინახავს სტურუას ‘ვეფხისტყაოსანი’ ჯერ. მაგრამ აუცილებლად ვნახავ, თუ შევძლებ.
ახლა არაპოლიტკორექტულია სტურუაზე კარგის წერა. ბევრ რამეში შეიძლება მეც არ ვეთანხმებოდე. ენჯოეკრატები, პარტოკრატები, ბიუროკრატები და ზოგადად კრატები – ყველა ერჩის მას. და ამას თვითონაც იწვევს. ‘დატკბით, ჯიფრებო, გამთათხეთ’ – ასე მოუწოდებს სტურუა კონიუნქტურის მონა ობივატელს. და ისიც თათხავს. და სწორედ ამაშია სტურუა გენიოსი, რომ ყოველთვის ახერხებს საშუალოების გაბრაზებას. ეს არის დიდი ხელოვანის მთავარი ნიშანი. ის ობივატელს ყოველთვის აბრაზებს – უკვე დაახლოებით 60 წელია.
ხელოვანის დანიშნულება არ არის, რომ ‘თავი მოაწონოს’ მკითხველს ან მაყურებელს. ხელოვანი მე უნდა დამეხმაროს იმაში, რომ უკეთესი ადამიანი გავხდე. შარლ ბოდლერმა თქვა: ‘თუ გინდა იყო პოეტი, გააბრაზე ბურჟუა’-ო. ის ამ სიტყვა ‘ბურჟუა’-ში გულისხმობდა არა მდიდარ ადამიანებს, არამედ სტანდარტულ ‘კუჭის მონებს’ და ბიოლოგიურ ინსტიქტებს აყოლილ ბიო-არსებებს, რომლებიც ყოველთვის ცდილობენ კარიერა გაიკეთონ იმით რომ ‘ჯგუფურ აზროვნებას’ აყვნენ. ამას აკეთებდა გალაკტიონი, ვაჟა, ბარათაშვილი, ალბათ თვით რუსთაველიც, რომლის ‘ტყაოსანიც’ დადგა სტურუამ 87 წლის ასაკში. ესეც საოცრებაა – თვითონ ფაქტია საოცრება – ასეთ თემას შეეჭიდო ამ ასაკში.
სტურუას შეუძლია გააბრაზოს ყველანაირი ‘ბურჟუა’ – კონსერვატორიც, ლიბერალიც და კიდევ სხვანაირიც. ეს არის მისი დიდი ღირსება. 1970-იანი წლებიდან მახსოვს როგორ ლანძღავდნენ მას სტანისლავსკისტები, ორთოდოქსი ‘არისტოტელური დრამის’ მიმდევრები და სხვებიც. ბრეხტიანობას აბრალებდნენ და ამას ცოდვად უთვლიდნენ. თუმცა არაჩვეულებრივად გამოსდიოდა აჯანყება ‘ობივატელის წინააღმდეგ’. და ეს გადატრიალება მოახდინა კიდეც. მახსოვს როგორ დადგა ოპერაში ‘შუშანიკის წამება’ არაორთოდოქსალური ფორმით და მაშინ კონსერვატორების საშინელი რისხვა დაიმსახურა. მაგრამ, მაინც ‘გააბრაზა ბურჟუა’.
მიუხედავად იმისა რომ სტურუა ყოველთვის საჯარო თეატრის, ანუ რუსთაველის თეატრის რეჟისორი იყო – და ეს მას აძლევდა უფლებას კომერციაზე ზემოთ დამდგარიყო – ის ყოველთვის ახერხებდა დინების წინააღმდეგ სვლას. ის ყოველთვის ტეხდა ნებისმიერ დოგმას. ადრე, ეს უფრო კონსერვატიული ბურჟუების დოგმა იყო – ახლა კი ნეო-ლიბერალების დოგმებს ათამაშებს ბურთივით. ეს ახალი ენჯოეკრატიული კასტა ამ უკანასკნელ 30 წელიწადში თვითონ გახდა ახალი დოგმატური ეკლესია, თავისი პოლიტ-კორექტული საერთო უნიჭობის გამამართლებელი შეზღუდვებით და ცენზურით. სტურუა მათ სპექტაკლებს არა მხოლოდ თეატრში უწყობს. ის გამოდის ტელევიზიითაც და პროვოკაციულად ურტყამს ამ იდიოტი კარიერისტების კლასს – ესენი კი გაშმაგებული ლანძღავენ. ხშირად, სტურუა აპრიორულად მცდარ აზრსაც ადვოკატირებს, იმისთვის, რომ ‘გააბრაზოს კანონდამჯერი ბურჟუა’ და ეს არაჩვეულებრივად გამოსდის. ხელოვანის დანიშნულება ხომ კათარსისის მიღწევაა. პერიპეტეაია, ჰამართია, ანოგნოროზის, კატასტროფი, კათარსის.. – სტურუას კათარსისის მოტანა ‘მინი-კატასტროფებით’ შეუძლია – ეს არის მისი პერფორმანსების და სპექტაკლების არის.
დღევანდელი კარიერისტების კასტა – კონსერვატორებისაც და ლიბერალებისაც – არ მიდის კათარსიისაკენ. ის კარიერის გაკეთებისაკენ მიდის. ზოგი სად და ზოგიც სად – ეს დღევანდელი ობივატელის სისხლშია. ნამდვილი ხელოვანი ყოველთვის პოლიტიკურია. მისი პოლიტიკა პირველ რიგში ისაა, რომ ადამიანში გააღვიძოს სილამაზისკენ სწრაფვა თუკი ის დავიწყებულია. სლავოი ჟიჟეკმა ამას წინათ არაჩვეულებრივი წიგნი დაწერა, რომელსაც ჰქვია ‘პროგრესის წინააღმდეგ’ – საინტერესოა რომ პროგრესის ერთ-ერთი მთავარი მსახური ახლანდელი ვითომ პროგრესისტების წინააღმდეგ როგორ გამოდის. ნამდვილად საინტერესოა. რადგან ის ხედავს, რომ პროგრესი იქ არ არის, სადაც მას ოფიციალურად გაფარომებული ვითომ პროგრესისტები სახავენ. ეს სტურუასაც მშვენივრად ესმის. ის დღევანდელ პოლიტ-კორექტულ ‘პროგრესისტ’ კარიერისტებს ყოველთვის მინი-კატასტროფას უტარებს, რომ დაანახოს, რომ ნამდვილი პროგრესი სხვაგან არის.
დღეს, ეგრეთწოდებული ნეოლიბერალები თუ ნეოკონსერვატორები იმდენად გადაირიენ, რომ სოც-ქსელებში ერთმანეთს ჰუმანიზმის სახელით მუდმივად ‘ამოწყდით, ამოწყდით’ ეძახიან. სიძულვილს დაბნელებული აქვს მათი გონება. მაგაისტები და პაგანისტები ერთმანეთს ლანძღავენ და აგინებენ და უკვე ხოცავენ ‘პროგრესის სახელით’ – საბოლოო ჯამში ესენი კარიერისტები არიან. დღეს კარიერისტებისთვის უკვე მკვლელობაც დაშვებულია – პოლიტკორექტული მკვლელობაც არსებობს. უმცირესობასაც და უმრავლესობასაც კარიერის მსურველები უსიტყვოდ ანადგურებენ საკუთარი ‘მატ-სიკეთის’ ძიებაში. ეს ჩვეული მოვლენაა. და თან სახლში რომ მოვლენ, ტელევიზორს რომ ჩართავენ, მათ არავინ უნდა შეახსენოს, რომ ისინი ობივატელი ‘ბურჟუები’ არიან – ისეთები, როგორებსაც შარლ ბოდლერი ებრძოდა.
რობერტ სტურუა საოცარი გიჟია. ის სპეციალურად აკეთებს თანამედროვე თეატრს. ხან ეს მისი სპექტაკლია, სადაც მიჯაჭვული პრომეთე დიონისეს კარნახით თავისუფლდება, ხანაც ის ერთი კაცის ტელე-პერფორმანსია, სადაც ის მწარე რეალობას გვიხატავს და ნამდვილად, არაჩვეულებრივად ‘გვაბრაზებს’.
დიახ, ნამდვილი ხელოვანის ფუნქციაა, მუდმივად გაგვაბრაზოს და უკეთესად გვაქციოს – ‘კატასტროფის’ დანახვების მერე ‘კათარსისი’ მოიტანოს ჩვენში. და თუ ამ კატასტროფას მკვლელობის და დასახიჩრების გარეშე დაგვანახებს, როგორც ამას სოფოკლე, ევრიპიდე, შექსპირი და სხვები აკეთებდნენ, მაშინ მისი მისია შესრულებულია.
მე სტურუას ‘ტყაოსანი’ ჯერ არ მინახავს. აუცილებლად ვნახავ.
აუცილებლად ვნახავ იმიტომ რომ გულწრფელად მაინტერესებს, როგორ მოახერხა რობერტ სტურუამ ამ ჯერზე ის, რომ გაქანებული ლიბერალი კარიერისტების group-think (ხროვის ინსტიქტი) ისე მომართა, რომ ისინი მყისვე დაამსგავსა ფუნდამენტალისტ აიათოლებს.
სპექტაკლი თეატრშია და არა მარტო თეატრშია, მეგობრებო. რობერტ სტურუა დღესაც გვანახებს, რომ ხელოვანს ნამდვილად შეუძლია სმყაროს შეცვლა.
‘დატკბით, მეგობრებო, გამთათხეთ’ – ამის თქმა ბოდლერს შეეძლო – და ამის თქმა სტურუას შეუძლია.











