ევროკავშირის მიერ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტისთვის „ორმხრივი ინტერესის პროექტის“ (PMI) სტატუსის მინიჭება მხოლოდ ტექნიკური ან ენერგეტიკული გადაწყვეტილება არ არის — ის მკაფიო პოლიტიკური სიგნალიცაა იმ პირობებში, როდესაც ბრიუსელი საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას „დემოკრატიული უკუსვლის“ გამო აკრიტიკებს, – წერს ეკონომისტი, გიორგი ცუცქირიძე, სოციალურ ქსელში.
როგორც ის აღნიშნავს, ევროკავშირის მიერ, საქართველოს ხელისუფლებასთან არსებული პოლიტიკური დაძაბულობის მიუხედავად ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერა, ქვეყნის გეოპოლიტიკური მნიშვნელობის კიდევ უფრო ზრდაზე მიუთითებს და ქმნის პლატფორმას საქართველოსა და ევროკავშირს შორის დიალოგის გააქტიურებისთვის.
“მიუხედავად არსებული პოლიტიკური დაძაბულობისა, ევროკავშირი აგრძელებს სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერას, რაც მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს გეოპოლიტიკური მნიშვნელობა კიდევ უფრო გაზრდილია.
PMI სტატუსი ნიშნავს, რომ პროექტი ექცევა ევროკავშირის ენერგეტიკული სამართლებრივი ჩარჩოს ფარგლებში, რაც უზრუნველყოფს მის შესაბამისობას ევროპულ სტანდარტებთან და ზრდის ინსტიტუციურ ჩართულობას. თუმცა, ამ პროცესის მნიშვნელობა მხოლოდ ტექნიკურ ან რეგულაციურ დონეზე არ შემოიფარგლება — იგი ქმნის პლატფორმას საქართველოს ხელისუფლებასა და ევროკავშირს შორის დიალოგის გააქტიურებისთვის.
დაჩქარებული რეგულაციური და ადმინისტრაციული პროცედურები, ერთი მხრივ, ზრდის პროექტის განხორციელების ეფექტიანობას, ხოლო, მეორე მხრივ, საჭიროებს მუდმივ კოორდინაციასა და კომუნიკაციას მხარეებს შორის, რაც ობიექტურად აძლიერებს პოლიტიკურ ურთიერთქმედებას. შესაბამისად, პირველ რიგში, ევროკავშირის მიერ ასეთი სტატუსის მინიჭება გულისხმობს პროექტის აღიარებას როგორც საერთო ინტერესის ინფრასტრუქტურულ ინიციატივად, რაც ავტომატურად ზრდის მისი დაფინანსებისა და პოლიტიკური მხარდაჭერის შესაძლებლობებს.
ევროკავშირის ენერგეტიკული პოლიტიკის კონტექსტში ეს ნიშნავს, რომ პროექტი ინტეგრირდება TEN-E (ტრანსევროპული ენერგეტიკული ქსელების) მიწოდების ერთიან ჯაჭვში და ექვემდებარება სტრატეგიულ პრიორიტეტებს, როგორიცაა ენერგოუსაფრთხოება, დეკარბონიზაცია და ენერგიის წყაროების დივერსიფიკაცია. საქართველოსთვის ეს წარმოადგენს უნიკალურ შესაძლებლობას გადავიდეს ენერგეტიკული ტრანზიტის პასიური როლიდან აქტიურ რეგიონულ ჰაბის ფუნქციაზე,” – წერს ცუცქირიძე.
მისივე განცხადებით, საქართველო შეიძლება გადაიქცეს არა მხოლოდ ენერგიის ტრანზიტულ სივრცედ, არამედ, მწვანე ელექტროენერგიის ექსპორტიორ სახელმწიფოდ, ამასთან, პროექტის მნიშვნელობა სცილდება მხოლოდ ეკონომიკურ სარგებელს და გადადის გეოპოლიტიკურ განზომილებაში.
“გეოეკონომიკური თვალსაზრისით, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი ქმნის ენერგიის ექსპორტის ახალ არხს, რომელიც საქართველოს აკავშირებს პირდაპირ ევროკავშირის ელექტროენერგეტიკულ ბაზართან, განსაკუთრებით კი რუმინეთის გავლით. ეს ინტეგრაცია ზრდის ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობას, რადგან ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა განიხილება როგორც „ბაზრის ჩარჩო“, რომელიც ამცირებს პოლიტიკური რისკის აღქმას კერძო ინვესტორებისთვის. შედეგად, საქართველო შეიძლება გადაიქცეს არა მხოლოდ ენერგიის ტრანზიტულ სივრცედ, არამედ, მწვანე ელექტროენერგიის ექსპორტიორ სახელმწიფოდ, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჰიდროენერგეტიკული პოტენციალის პირობებში.
სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით, პროექტი პოტენციურად ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს, ინფრასტრუქტურულ ინვესტიციებს და ტექნოლოგიურ ტრანსფერს. ენერგეტიკული ქსელების ინტეგრაცია მოითხოვს მაღალკვალიფიციურ კადრებს, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ხელს უწყობს ადგილობრივი ადამიანური კაპიტალის განვითარებას. ამასთან, საქართველოს ენერგეტიკული სისტემის მოდერნიზაცია ზრდის ენერგოეფექტურობას და ამცირებს შიდა ბაზრის სტრუქტურულ რისკებს.
ამასთანავე, პროექტის მნიშვნელობა სცილდება მხოლოდ ეკონომიკურ სარგებელს და გადადის გეოპოლიტიკურ განზომილებაში. შავი ზღვა, როგორც სტრატეგიული საკომუნიკაციო და ენერგეტიკული სივრცე, ისტორიულად წარმოადგენს კონკურენტული გავლენის ზონას. კაბელის პროექტი ზრდის ევროკავშირის ფიზიკურ და ინფრასტრუქტურულ ჩართულობას რეგიონში, რაც ამცირებს ერთპოლუსიან დამოკიდებულებას და ქმნის უფრო მრავალმხრივ ენერგეტიკულ არქიტექტურას. საქართველოსთვის ეს ნიშნავს დასავლეთთან ინსტიტუციური და ინფრასტრუქტურული ინტეგრაციის გაღრმავებას, რაც აძლიერებს მის სუვერენულ არჩევანს საგარეო პოლიტიკაში.
გეოპოლიტიკური კონტექსტის მნიშვნელოვანი ასპექტია ენერგეტიკული უსაფრთხოების დივერსიფიკაცია. ევროპისთვის შავი ზღვის კაბელი წარმოადგენს ალტერნატიულ წყაროს რუსეთზე დამოკიდებულების შემცირების სტრატეგიაში. შესაბამისად, შავი ზღვა ხდება ენერგეტიკული კონკურენციისა და თანამშრომლობის საკვანძო სივრცე. საქართველოს ჩართვა ამ სისტემაში ზრდის მისი ტერიტორიისა და ინფრასტრუქტურის სტრატეგიულ მნიშვნელობას, რაც ერთდროულად ქმნის როგორც უსაფრთხოების გარანტიებს, ისე ამცირებს გარე ზეწოლის რისკების ზრდის პოტენციალსაც.
დასკვნის სახით, ევროკავშირის მიერ შავი ზღვის ფსკერზე გამავალი კაბელისათვის „ორმხრივი ინტერესების“ სტატუსის მინიჭება საქართველოსთვის წარმოადგენს სტრატეგიული ტრანსფორმაციის შესაძლებლობას. ეს არის პროცესი, რომელიც ერთდროულად აძლიერებს ქვეყნის გეოპოლიტიკურ პოზიციას ევროკავშირთან მიმართებით, აფართოებს ეკონომიკურ ინტეგრაციას და ზრდის რეგიონული ენერგეტიკული სისტემების ურთიერთდამოკიდებულებას.
ამგვარად, შავი ზღვის კაბელი არ არის მხოლოდ ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა; რეალურად ის წარმოადგენს ახალი რეგიონული წესრიგის ერთ-ერთ ელემენტს, სადაც საქართველო სულ უფრო აქტიურად ცდილობს დაიმკვიდროს თავისი ადგილი როგორც ენერგეტიკული დერეფნისა და ევროპა-ევრაზიის დამაკავშირებელი სტრატეგიული კვანძის ფუნქციით,” – წერს გიორგი ცუცქირიძე.











