ზვიგენებმა მასობრივად დაიწყეს კალიფორნიის პლაჟებთან მოახლოება, რაც ადამიანებისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს — განაცხადა საზღვაო ბიოლოგიის პროფესორმა, კრის ლოუმ Fox Weather-თან ინტერვიუში. პრობლემა ასევე ეხება ისეთ სანაპირო შტატებს, როგორიცაა ფლორიდა, ჰავაი, სამხრეთ კაროლინა და ნიუ-ჯერსი.
საშიში თევზების გადაადგილებას იწვევს „ელ-ნინიო“ — წყნარი ოკეანის ზედაპირული წყლების ანომალიური დათბობა. ეს ექსტრემალური სიცხის შედეგია — მარტში კალიფორნიაში დაფიქსირდა ტემპერატურული რეკორდი, რომელმაც 42°C (108°F) შეადგინა. თბილ წყალში ზვიგენებს მეტაბოლიზმი უჩქარდებათ, რის გამოც მათ უფრო მეტი საკვები სჭირდებათ.
აშშ-ში მიმდინარე წელს უკვე დაფიქსირდა ზვიგენის თავდასხმის 16 შემთხვევა, რომელთაგან 4 ფატალურად დასრულდა. უსაფრთხოების მიზნით, ექსპერტები მოსახლეობას ურჩევენ, თავი ააარიდონ ცურვას განთიადისას და მზის ჩასვლისას, როდესაც მტაცებლები აქტიურად იკვებებიან; ასევე, უმჯობესია წყალში ჯგუფურად ყოფნა.
გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ნაპირისკენ ან ნავისკენ ცურვა იყოს ნელი და მშვიდი, ზედმეტი შხეფების გარეშე. თუ ზვიგენი მაინც მოგიახლოვდათ, შეგიძლიათ მას დინგის წინა ნაწილში ფრთხილად ჰკრათ ხელი — იქ მგრძნობიარე რეცეპტორები მდებარეობს. ცხოველის სხვა მოწყვლადი ადგილებია ლაყუჩები, თვალები და ცხვირი.











