უცხოური მედია

გერმანელმა ტურისტმა სასამართლო დავა მოიგო აუზთან „დაკავებული“ შეზლონგების გამო

გერმანელმა ტურისტმა სასამართლოში უჩივლა ტუროპერატორს იმის გამო, რომ საბერძნეთში დასვენებისას მზის აბაზანების მიღებას ვერ ახერხებდა — შეზლონგები მუდმივად დაკავებული იყო სხვა დამსვენებლების მიერ, რომლებიც ადგილებს პირსახოცებით „ნიშნავდნენ“. სასამართლომ მას კომპენსაციის სახით 1000 ევრო მიაკუთვნა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

აღნიშნული პირი, რომლის ვინაობა პრესაში არ სახელდება, ოჯახთან ერთად საბერძნეთში, კუნძულ კოსზე 2024 წელს ისვენებდა. ის ყოველ დილით ექვს საათზე დგებოდა, რომ ადგილი დაეკავებინა, თუმცა მიზანს მაინც ვერ აღწევდა.

სასტუმროში დასვენებისთვის მან, მეუღლემ და ორმა შვილმა ჯამში 7 186 ევრო გადაიხადეს. შინ დაბრუნების შემდეგ მან ჰანოვერის საოლქო სასამართლოში ტუროპერატორის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. ტურისტი ჩიოდა, რომ კომპანია არ ებრძოდა პირსახოცებით ადგილების „დაჯავშნის“ პრაქტიკას.

სასამართლოზე მან განაცხადა, რომ თავად სასტუმროს აკრძალული ჰქონდა მსგავსი ქმედება, თუმცა ტუროპერატორი არაფერს აკეთებდა ამ წესის აღსასრულებლად. მისი თქმით, შედეგად ბავშვებს მზის აბაზანების მიღება მიწაზე უწევდათ.

ტუროპერატორმა სასამართლომდე ტურისტს კომპენსაციის სახით 350 ევრო უკვე გადაუხადა, თუმცა მოსამართლემ ჩათვალა, რომ ეს თანხა არასაკმარისი იყო და კომპანიას 986 ევროსა და 70 ცენტის გადახდა დააკისრა.

მოსამართლემ განმარტა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ტუროპერატორი თავად არ ფლობს სასტუმროს, იგი ვალდებულია დარწმუნდეს, რომ კურორტზე, რომლის საგზურსაც ყიდის, დასვენება ჯეროვნად არის ორგანიზებული. ეს კი გულისხმობს შეზლონგების რაოდენობასა და სტუმრების რიცხვს შორის „გონივრული“ თანაფარდობის უზრუნველყოფასაც.

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა