მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ 7 მაისს დედაქალაქის მისადგომებთან 61 უპილოტო საფრენი აპარატის (დრონის) შეტევა მოიგერიეს. ეს გახდა უკრაინის შეიარაღებული ძალების ყველაზე მასშტაბური თავდასხმა მოსკოვზე 2026 წლის დასაწყისიდან.
მერის თქმით, 8 მაისის შუაღამიდან მოყოლებული კიდევ 26 დრონი ჩამოაგდეს.
საგანგებო სამსახურების სპეციალისტები ნამსხვრევების დაცემის ადგილებზე უკვე მივიდნენ. ნგრევისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
გარდა ამისა, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეუტიეს სევასტოპოლსაც. საჰაერო თავდაცვის ძალებმა და მობილურმა საცეცხლე ჯგუფებმა ღამის განმავლობაში ოთხი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს ჩრდილოეთ მხარესა და ფიოლენტის რაიონში.
რუსული მედიის ცნობით, როსტოვის ოლქში უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად დაზიანდა კერძო სახლები, ხანძარი გაჩნდა საწყობებსა და ერთ-ერთ ადმინისტრაციულ შენობაში. ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია.
ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ გამარჯვების დღის აღსანიშნავად გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დღეიდან ამოქმედდა და 10 მაისამდე გაგრძელდება.











