პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველო მოწოდებულია გააძლიეროს სატრანზიტო ფუნქცია, იყოს ევროკავშირის სანდო პარტნიორი, მათ შორის, ენერგოუსაფრთხოების გაძლიერების და მწვანე ენერგიის მიწოდების კუთხით

საქართველო მოწოდებულია გააძლიეროს სატრანზიტო ფუნქცია, იყოს ევროკავშირის სანდო პარტნიორი, მათ შორის, ენერგოუსაფრთხოების გაძლიერების და მწვანე ენერგიის მიწოდების კუთხით. იმისათვის, რომ სრულად იყოს ათვისებული ის ახალი გეოპოლიტიკური შესაძლებლობები, რასაც საქართველო სთავაზობს ევროკავშირს, საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა, ჯანსაღი მმართველობა, მიმზიდველი საინვესტიციო გარემო, მეტად უნდა გახდეს ევროკავშირის ინტერესის საგანი, – ამის შესახებ ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა ევროპარლამენტში მიმდინარე კონფერენციაზე განაცხადა.

„პირველ რიგში მადლობას გადავუხდი ბელგიის თავმჯდომარეობას, საინტერესო განხილვების ორგანიზებისთვის ევროპარლამენტში.

მე წარმოვადგენ საქართველოს, რომელმაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მოიპოვა გასული წლის დეკემბერში და აქვს ამბიცია – იყოს ერთ-ერთი წარმატებული მაგალითი ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის ფარგლებში.

საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების 10-წლიანი გამოცდილება აქვს, რომელიც პოლიტიკურთან ერთად, ევროკავშირში ეკონომიკური ინტეგრაციისკენ გადადგმულ ნაბიჯებსაც მოიცავს, რაც ვფიქრობთ მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის დაჩქარებას.

გასული ათწლეულის განმავლობაში საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია სტრუქტურული რეფორმების გატარების კუთხით, რაც უკავშირდებოდა საჯარო ფინანსების მართვას, სერვისების განვითარებას, კორუფციასთან ბრძოლას, კონკურენციის ხელშეწყობას, ენერგეტიკული უსაფრთხოების გაუმჯობესებას თუ სატრანზიტო პოტენციალის გაზრდას.

მიუხედავად რეგიონში არსებული მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური გამოწვევებისა, ბოლო წლებში გატარებული სწორი ეკონომიკური პოლიტიკის საფუძველზე, შევძელით გვქონდეს ეკონომიკური ზრდის პოზიტიური ტენდენციები.

რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა დასაძლევი, რაც ძირითადად უკავშირდება გარე მოწყვლადობის შემდგომ შემცირებას, შრომის ბაზრის ფუნქციონირების გაუმჯობესებას და სტრუქტურული სისუსტეების აღმოფხვრას.

საქართველო მოწოდებულია გააძლიეროს სატრანზიტო ფუნქცია, იყოს ევროკავშირის სანდო პარტნიორი, მათ შორის, ენერგოუსაფრთხოების გაძლიერების და მწვანე ენერგიის მიწოდების კუთხით.

იმისათვის, რომ სრულად იყოს ათვისებული ის ახალი გეოპოლიტიკური შესაძლებლობები, რასაც საქართველო სთავაზობს ევროკავშირს, საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა, ჯანსაღი მმართველობა, მიმზიდველი საინვესტიციო გარემო, მეტად უნდა გახდეს ევროკავშირის ინტერესის საგანი.

ამასთანავე, ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა მეტად უნდა იყოს ორიენტირებული პრაქტიკული, ეკონომიკური ინტეგრაციის შესაძლებლობების ხელშეწყობისკენ, რაც ორმხრივად სარგებლის მომტანი იქნება, როგორც ევროკავშირისთვის, ისე პარტნიორი ქვეყნებისთვის“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,763,530 ნახვა