კრიმინალი

ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალები – შსს-მ 10 პირი დააკავა

ნარკოდანაშაულის ბრალდებით, თბილისსა და რეგიონებში 10 პირი დააკავეს. მათ შორის არიან როგორც საქართველოს, ისე ბელარუსისა და ისრაელის მოქალაქეები. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ფაქტებზე დაკავებულებს 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

„სამართალდამცველების მიერ მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებულების მიერ მითითებული ლოკაციებიდან, ასევე, დაკავებულების პირადი, ავტომანქანების და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოღებულია დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, ასევე, დიდი ოდენობით თანხა, ნარკოტიკების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და ელექტროსასწორი.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული ღონისძიების შედეგად ა.ჰ. თბილისში დააკავეს. ბრალდებულისგან ნივთმტკიცებად ამოღებულია 440 აბი „ექსტაზი“, საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კი „კანაფი“, „მარიხუანა“ და „ჰაშიში“.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოსა და საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის საქმეზე ფონიჭალაში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 2 პირი – ე.მ. და ა.ს. დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს 18 შეკვრად დაფასოებული – 3 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება ე.წ. სირეცი, 97 350 აშშ დოლარი, 6080 ლარი და 2 790 000 რუსული რუბლი.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი – გ.ლ. და ნ.დ. გლდანი-ნაძალადევის რაიონში დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულების
პირადი ჩხრეკის შედეგად 31 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ე.წ. ბიო ნივთმტკიცებად ამოიღეს.

ვაკე-საბურთალოს პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ა.ა. მარიხუანას გასაღების მცდელობის ბრალდებით თბილისში დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია 4 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა.

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ დაკავებული ბ.შ., ი.ნ. და ე.ი.-სგან ნივთმტკიცებად ამოღებულია, ნარკოტიკული საშუალება კოკაიანი, მარიხუანა, ასევე, ამოღებულია თანხა, ნარკოტიკული საშუალების
დაფასოებისთვის საჭირო მასალები, ელექტროსასწორი, სასიგნალო პისტოლეტი და 9 ვაზნა.

გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გ.ო. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად ნარკოტიკული საშუალება “სუბოქსინი” და “ამფეტამინი” ნივთმტკიცებად ამოიღეს“, – აცხადებენ შსს-ში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 19-260, 273-ე პრიმა და 19-273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,758,804 ნახვა