პოლიტიკა

გია ცაგარეიშვილმა რომან გოცირიძეს მიმართა: თქვენს დროს დააძვრეს ნახევარ საქართველოს კბილები და დატოვეს გაღიმებული, დაიწყეს 100 საავადმყოფოს პროგრამა, რომელიც ჩამოგეშალათ და ორი საავადმყოფო ვერ გახსენით მაშინ – რომ ყელყელაობთ, ფასებზე მესაუბრებით და თურმე რომ დარდობთ, დარდშიც ფლიდები ხართ

2010 წლის 17 დეკემბერს მიიღეთ ცვლილება „საქონლის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ“ კანონში, ორი სასაკლაო შექმენით და რა თქმა უნდა, ის ორივე სასაკლაო თქვენთან, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ იყო შეზრდილი. შექმენით ხელოვნური მანიპულაციების მეშვეობით მონოპოლიური ფასები, ერთ კვირაში 8 ლარით გააძვირეთ ხორცის ფასი. ახლა გამობრძანდნენ თქვენი ყოფილი თუ ამჟამინდელი კოლეგები – ვინ სად ხართ, ისე ხართ გადაზელილი, ერთმანეთში გაარკვიეთ – და აქ ფასები აფრიალეს, რომ თურმე 2012 წელს, 11 ლარი ღირდა ხორცი, – ასე მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ცაგარეიშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატს, რომან გოცირიძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

ცაგარეიშვილის განცხადებით, სწორედ “ნაციონალურმა მოძრაობამ” შემოიღო მონოპოლიური ფასები ხორცზე, რაც შეეხება ზოგადად, ფასებზე აქცენტის გაკეთებას, მისი თქმით, ეს პიარის სპეციალისტების მიერ დაგეგმილი კამპანიაა.

“ქალბატონმა თამარმა [ჩარკვიანი] თქვა, ბოდიშს მოვიხდი თუ ტყუილიაო. სად წაბრძანდა ეს ქალბატონი, ბოდიში არ გაქვთ მოსახდელი ორივეს? თქვენ მაინც მოიხადეთ მის მაგივრად ბოდიში, რომ თქვენ გააკეთეთ ეს ყველაფერი. თქვენ შემოიღეთ ხალხის ზურგს უკან მონოპოლიური ფასი ხორცზე და არამხოლოდ. რაც შეეხება ჯანდაცვას, ამ თემებს ზოგადად – ეს რომ თქვენი „პიარშიკების“ დაგეგმილი კამპანია არის და შემოგასაღეს ამ ფასებზე საუბარი, ეს მგონი, ნათელია.” – აღნიშნა ცაგარეიშვილმა. მისივე თქმით, სწორედ წინა ხელისუფლების დროს იყო განუხორციელებელი ჯანდაცვის პროგრამები. რაც შეეხება 2007-2009 წლებში ტენდერების მომგებ კომპანიებს, ყველა მათგანს მოუხდა ქონების გაყიდვა, საპროცესო შეთანხმების გაფორმება და ამის შემდეგ შეძლეს ციხიდან გამოსვლა. “ბატონო რომან, ძვირფასო, თქვენ დროს დააძვრეს ნახევარ საქართველოს კბილები და „ღიმილიანი საქართველო“ ასე დატოვეს გაღიმებული, თქვენს დროს დაიწყეს 100 საავადმყოფოს პროგრამა, რომელიც ჩამოგეშალათ და ორი საავადმყოფო ვერ გახსენით მაშინ. თქვენს დროს ტენდერები მოაგებინეს, 2007, 2008, 2009 წლებში სადაზღვევო კომპანიებს. მერე დაუარეთ ყველას, საპროცესო გარიგებები გაუფორმეთ და ყველანი დილეგებში ჩაყარეთ, აწამეთ, აწვალეთ ის ხალხი, დააყიდინეთ ყველაფერი და შემდეგ გამოუშვით ციხიდან. აი, ეს იყო თქვენი ჯანდაცვის ძვირფასი პროგრამა და პროექტი, განხორციელებული სააკაშვილისნაირი ავაზაკების მიერ და თქვენნაირი ხელის ბიჭების და ხელის გოგოების მიერ, აქ რომ ყელყელაობთ და ფასებზე მესაუბრებით და თურმე რომ დარდობთ. დარდშიც ფლიდები და ყალბები ხართ.” – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,758,808 ნახვა