პოლიტიკა

რესან კონცელიძე: როინ შავაძის საქმე გადაიგზავნა პროკურატურაში, რადგან საქმეში გამოიკვეთნენ შსს-ს თანამშრომლები. მას შემდეგ ამ საქმესთან წვდომა ან შეხება არ მქონია და ვერც მექნებოდა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დეპუტატი რესან კონცელიძე სერჟანტ როინ შავაძის მკვლელობის საქმეს ეხმაურება. კონცელიძე, რომელიც 2008 წელს აჭარის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო, ამ საქმესთან თავის შემხებლობაზე საუბრობს.

„2008 წლის 16 აგვისტოს, საღამოს პოლიციის სამორიგეო ნაწილში შემოვიდა შეტყობინება სოფელ ქაქუთში შავაძის მკვლელობის შესახებ. შეტყობინებაში არ იყო მითითებული, ვინ იყო მოკლული (სტატუსი), ვის მიერ და რა ვითარებაში. შეტყობინების შემოსვლისთანავე დაიწყო გამოძიება და შემთხვევის ადგილზე გავიდნენ გამომძიებლები, რომლებმაც პროკურორის თანდასწრებით დაათვალიერეს შემთხვევის ადგილი, დააფიქსირეს ის ვითარება, რომელიც ადგილზე დახვდათ, რადგან სხვაგვარად ვერც მოიქცეოდნენ. მიცვალებულს ჩაუტარეს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა და სხვა, კანონმდებლობით გათვალისწინებული, გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემდეგ, მეორე დღეს, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საქმე გადაიგზავნა პროკურატურაში, რადგან საქმეში გამოიკვეთნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები.

მას შემდეგ ამ საქმესთან წვდომა ან შეხება არ მქონია და ვერც მექნებოდა თუ არ ჩავთვლით, ბრალდებულების დაკავების შემდეგ, პროკურატურიდან შეტყობინებას, რომ სურვილის შემთხვევაში, გამოვიკითხებოდი საქმეზე მოწმედ (რადგან გამოძიებაში გამოკითხვა ნებაყოფლობითია), რაზეც დავთანხმდი და მივეცი დეტალური ჩვენება.

ისევე, როგორც ყველა მძიმე დანაშაულზე, ამ შემთხვევაზეც გავიდა პოლიციის ყველა ხელმძღვანელი, მათ შორის, გავედი მეც. ბათუმიდან სანამ ჩავედი გურიის საზღვართან, გავიდა გარკვეული დრო, ქაქუთში ჩემი ჩასვლის მომენტისთვის გამომძიებელი და პროკურორი ათვალიერებდნენ შემთხვევის ადგილს. გამომდინარე იქიდან, რომ დადგენილი იყო, თუ ვინ გაისროლა, ამიტომ არ იყო ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების ჩატარების საჭიროება და საქმის დეტალები უნდა დადგენილიყო ექსპერტიზებითა და სხვა საგამოძიებო მოქმედებებით. ასევე რადგან საქმე არ იყო პოლიციის ქვემდებარე და ჩემს კომპეტენციაში არ შედიოდა საგამოძიებო მოქმედებებზე დასწრება, მალევე დავბრუნდი ბათუმში. მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, პოლიციის ხელმძღვანელი არ იყო პროცესუალური ფიგურა, შესაბამისად, არ მქონდა უფლება, ჩავრეულიყავი გამოძიებაში, დავსწრებოდი საგამოძიებო მოქმედებებს, შემთხვევის ადგილის დათვალიერებას, დაკითხვებსა და სხვა ან გამომძიებლისთვის, მის წარმოებაში არსებულ საქმეზე, მიმეცა დავალება, მითითება, ან განმარტება. არც ჩავრეულვარ, რაც დადასტურებულია საქმეში არსებული ჩვენებებით, სხვა საგამოძიებო და სასამართლო მასალებით.

საპროცესო კანონმდებლობით, გამოძიების სტადიაზე, გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობას ახორციელებს პროკურორი, რაც იმას ნიშნავს, რომ გამომძიებელი ყველა გადაწყვეტილებას გამოძიების მიმართულების, საგამოძიებო ვერსიათა წამოყენებისა და შემოწმების, საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების ან არჩატარების, დაკითხვების შესახებ იღებს დამოუკიდებლად, რასაც ათანხმებს პროკურორთან ან იღებს მისგან მითითებებს. ასევე საქმის გამოძიების ქვემდებარეობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პროკურორი. ზემოაღნიშნულის შესახებ უფრო ვრცლად და კანონმდებლობის კონკრეტულ მუხლებზე მითითებით მე მივეცი ჩვენება გამოძიებას. მზად ვიყავი, იგივე ჩვენება მიმეცა სასამართლოსთვისაც, რისთვისაც გამოვცხადდი სასამართლოს დარბაზში, დავჯექი დარბაზში მოწმის სკამზე, მაგრამ ბრალდებულების ადვოკატებმა, თვითონ ბრალდებულებმა, პროკურორმა, პროცესის ყველა მონაწილემ დააყენეს შუამდგომლობა, რომ არ მომხდარიყო ჩემი დაკითხვა, რაც დაასაბუთეს იმით, რომ საქმე რამდენიმე საათი იყო პოლიციაში, მოწმე არ არის საქმესთან შემხებლობაში და მასთან არანაირი კითხვები არ გვაქვსო, რომ ჩემი დაკითხვა იქნებოდა დროის უქმად გაყვანა. მოსამართლემ დააკმაყოფილა შუამდგომლობა, რის გამოც არ დამკითხეს. ეს ყველაფერი არის გადამოწმებადი და ასახულია სასამართლო სხდომის ოქმში, რაც, ალბათ, ჩაიწერება განაჩენშიც. ამ მიდგომითა და ლოგიკით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლის ყველა ხელმძღვანელი (იერარქიით ყველა ზემდგომი, ითვლება, რომ მისი ხელმძღვანელობაა), ვინც არ არის პროცესუალური პირი, მაგრამ ევალება გამომძიებლების მატერიალურ-ტექნიკური, საკადრო თუ სხვა, მათი გამართული მუშაობისთვის საჭირო პირობების უზრუნველყოფა, ყველა საქმეზე, ბრალდებულის ან ბრალდების მხარის მოთხოვნის შემთხვევაში შეიძლება დაბარებულ იყოს სასამართლოში მოწმედ.

განაჩენის დადგომამდე მე არ გამიცია პასუხი ოპოზიციური ტელევიზიების ცილისწამებისა და ჩემი რეპუტაციის შეგნებულად დამაზიანებელი (შემლახველი) პირებისათვის, რომლებიც ავრცელებდნენ ინფორმაციას, თითქოს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში მოხსენიებულია ჩემი სახელი. არ გამიცია პასუხი ბრალდებებისათვის, თითქოს მე ვაწარმოებდი გამოძიებას და ვიყავი საქმის გამომძიებელი. თითქოს მოვახდინე შემთხვევის ადგილის ფალსიფიცირება და 15 წლის განმავლობაში ვმფარველობდი დამნაშავეებს. თითქოს არ ვაძლევდი გამოძიებას ჩვენებას და არ ვისურვე სასამართლოზე ჩემი დაკითხვა. ამ და სხვა მრავალი სიცრუისათვის პასუხი არ გამიცია, რათა არ მომხდარიყო გამოძიების ინტერესების დაზიანება (თუ არ ჩავთვლით, 2020 წელს არჩევნების წინ აჭარის ტელევიზიისთვის მიცემულ მოკლე ინფორმაციას, სადაც, ზოგადად, ავხსენი ამ საქმეში ჩემი როლი)“, – აცხადებს რესან კონცელიძე.

ნაფიცმა მსაჯულებმა სამხედრო მოსამსახურის, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის როინ შავაძის განზრახ უკანონო დაკავებისა და უმწეო მდგომარეობაში მყოფის ჯგუფური მკვლელობის, ასევე სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე ალი ბალაძე და სპეცრაზმელი მამუკა ბერიძე დამნაშავედ ცნეს.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,763,686 ნახვა