რელიგია

მეუფე შიო მუჯირი – ჩვენმა ხელისუფლებამ ტრადიციული ღირებულებების დაცვის მიმართულებებით ძალიან გაბედული ნაბიჯები გადადგა, მინდა, ამისთვის მადლობა გითხრათ და დაგლოცოთ

ჩვენმა ხელისუფლებამ ტრადიციული ღირებულებების დაცვის მიმართულებებით ძალიან გაბედული ნაბიჯები გადადგა, მინდა, ამისთვის მადლობა გითხრათ და დაგლოცოთ, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიომ (მუჯირი) ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით სამების ტაძართან განაცხადა.

მისივე თქმით, ოჯახის წინააღმდეგ ბოროტი ძალების მიერ მიზანმიმართული ბრძოლა მიმდინარეობს და ეს ძალები სახელმწიფო სუვერენიტეტის ცნებასაც ებრძვიან.

„ძვირფასო ძმებო და დებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს. დიდი სიხარულია, რომ ჩვენ, ყველანი ერთად, ეკლესიაც, ხალხიც, ასეთი შემართებით, ერთსულოვნებით აღვნიშნავთ ოჯახის სიწმინდის დღეს. ეს ნიშნავს, რომ ვაცნობიერებთ, თუ რა საშიშროება ემუქრება ოჯახს და რამდენად მოსაფრთხილებელი და გადასარჩენია იგი. უკვე გითხარით, რომ მიზანმიმართული ბრძოლა მიდის ოჯახის წინააღმდეგ ბოროტი ძალების მიერ, სხვადასხვა მავნე ტექნოლოგიის მეშვეობით, თეორიების მეშვეობით. ეს ძალები ებრძვიან არა მარტო ეკლესიას და ეკლესიურ ოჯახებს, არამედ, ზოგადად, ტრადიციულ ოჯახს. მინდა, ასევე ვთქვა, რომ ისინი სახელმწიფოს სუვერენიტეტის ცნებასაც ებრძვიან, რადგან, როგორც გითხარით, ოჯახი არის მცირე ეკლესია და დიდი ეკლესიის ნაწილი. კაცობრიობის უდიდესი მოაზროვნეები, ისეთები, როგორებიც იყვნენ არისტოტელე და სხვები, წერენ, რომ ოჯახი არის სახელმწიფოს ფუძე, რომ სახელმწიფო შედგება ოჯახებისგან, საერო ტრადიციაც მსგავს რამეს ამბობს. ამდენად, ჩვენ განსაკუთრებით გვმართებს, წინ აღვუდგეთ ამ ტექნოლოგიებს და თეორიებს და თუ რაიმე უკვე შემოვიდა ჩვენს ქვეყანაში, მაქსიმალურად ვეცადოთ, შევაკავოთ და აღმოვფხვრათ ისინი.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ ტრადიციული ღირებულებების დაცვის მიმართულებით ძალიან სასიკეთო, ქმედითი და გაბედული ნაბიჯები გადადგა. ვგულისხმობ შარშან მიღებულ კანონს სოდომური ცოდვის პროპაგანდის წინააღმდეგ და ასევე გენდერული იდენტობის ცნების ამოღებას კანონებიდან. დღეს ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები აქ ბრძანდებიან. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ამ გადაწყვეტილებისთვის მადლობა გითხრათ, დაგლოცოთ“, – განაცხადა მეუფე შიომ.

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა