სამართალი

გიორგი ბაჩიაშვილი – 24 მაისს გამიტაცეს საზღვარგარეთიდან, ორი დღე მატარეს თვალებახვეული, შემდეგ ჩამტენეს „აირზენას“ თვითმფრინავში და საქართველოში ჩამომიყვანეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

სხდომაზე ბაჩიაშვილმა ისაუბრა იმის შესახებ, როგორ მოხდა მისი საქართველოში ჩამოყვანა.

„უდანაშაულო ვარ, დამტკიცდა საქართველოში, რომ ივანიშვილის პირადი პატიმარი ვარ. მინდა, დღეს დიდი საერთაშორისო დანაშაულის შესახებ შეგატყობინოთ. 24 მაისს გამიტაცეს საზღვარგარეთიდან, ორი დღე მატარეს თვალებახვეული, შემდეგ ჩამტენეს „აირზენას“ თვითმფრინავში და მოტაცებული ჩამომიყვანეს საქართველოში. ისტორიას ბევრი საქმე ახსოვს გართულებებით, მაგრამ დანაშაულებრივმა ჯგუფმა, რომელიც საქართველოს მთავრობას უწოდებს თავს, საკუთარ თავს ნამდვილად აჯობა. წარმოდგენა არ მაქვს, იმ სახელმწიფოს რა უთხრეს, მაგრამ დიდ შეცდომაში შეიყვანეს და ჩემმა ამბავმა საერთაშორისო სკანდალი შეიძინა. ინტერპოლის მიერ ძებნა ჩემზე შეჩერებული იყო, ივანიშვილის დავალებით მიმართეს ბანდიტურ გზას და მომიტაცეს. მათ დაარღვიეს ყველა ნორმა. გთხოვთ, ჩემი ეს განცხადება მიიღოთ გამოძიების დაწყების საფუძვლად. მზად ვარ, ყველა დეტალი მოვუყვე გამოძიებას“, – განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა.

შეგახსენებთ, თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველო 2 მარტს დატოვა. გამოძიების ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი სასაზღვრო-გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, ავტომობილში მოწყობილი სპეციალური სამალავის საშუალებით სომხეთის მიმართულებით ფარულად გადაკვეთა, ხოლო აღნიშნულის შემდეგ სომხეთის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში თავის სახელზე გაცემული რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის დამადასტურებელი სხვა პასპორტი წარადგინა, რის შედეგადაც გაიარა საზღვარი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა