პოლიტიკა

„ევრობარომეტრის“ კვლევით, საქართველოში ევროკავშირისადმი ნდობა წლიურად 17 პროცენტით, 2024 წლის შემოდგომასთან შედარებით, 9%-ით შემცირდა, გამოკითხულთა 51% კი, ეროვნულ მთავრობას ენდობა

„ევრობარომეტრის“ კვლევის თანახმად, 2024 წლის შემოდგომის მონაცემებთან შედარებით, საქართველოში ევროკავშირისადმი ნდობა 9%-ით არის შემცირებული. ანგარიშის თანახმად, საქართველოში ევროკავშირს გამოკითხულთა 49% ენდობა.

„ევრობარომეტრის“ კვლევა საქართველოში 2025 წლის 27 მარტიდან 15 აპრილამდე ჩატარდა, რა დროსაც 1011 რესპონდენტი გამოიკითხა.

2024 წლის გაზაფხულზე ჩატარებული კვლევის თანახმად, ევროკავშირისადმი ნდობა საქართველოში გამოკითხილთა 66%-ს ჰქონდა, რაც ნიშნავს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ქვეყანაში ევროკავშირისადმი ნდობის მაჩვენებელი 17%-ით არის შემცირებული.

სოციოლოგიური კვლევის თანახმად, საქართველოში გამოკითხულთა 37% მიდრეკილია ევროკავშირისადმი უნდობლობისკენ, 14%-ის პასუხია: „არ ვიცი“.

გამოკითხულთა 43% ევროკავშირის მიმართ დადებითად არის განწყობილი, 38% – ნეიტრალურად, 18% – ნეგატიურად, 1%-ს კი არ აქვს პასუხი კითხვაზე.

გამოკითხვის თანახმად, საქართველოში შემოდგომაზე ჩატარებული გამოკითხვის შემდეგ 9%-ით შემცირებულია იმ მოქალაქეთა რიცხვი, ვინც მიიჩნევს, რომ ქვეყნის წევრობა ევროკავშირში კარგია. ეს მაჩვენებელი 60%-ს შეადგენს. რესპონდენტთა 7% მიიჩნევს, რომ ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობა ცუდია, 28% კი ფიქრობს, რომ ეს არც კარგია, არც ცუდი. გამოკითხულთა 75% ფიქრობს, რომ საქართველო ევროკავშირში წევრობისგან სარგებელს მიიღებს, ეს მაჩვენებელი წინა კვლევასთან შედარებით 7%-ით არის შემცირებული.

სოციოლოგიური კვლევა აჩვენებს, რომ საქართველოში გამოკითხულთა 51% ენდობა ეროვნულ მთავრობას, 44% კი არ ენდობა. ასევე, რესპონდენტთა 48% ენდობა ეროვნულ პარლამენტს, არ ენდობა 45%.

ქვეყნის ეკონომიკაში ვითარებას ნეგატიურად აფასებს გამოკითხვის მონაწილეთა 40%, 56% კი მიიჩნევს, რომ საქართველოში ეკონომიკური ვითარება ცუდია. საცხოვრებელ ხარჯებსა და მზარდ ფასებს ქვეყნის წინაშე არსებულ მნიშვნელოვან საკითხად მიიჩნევს რესპონდენტთა 33%, 19% კი ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად ეკონომიკურ სიტუაციას ასახელებს. 24% ფიქრობს, რომ ეს უმუშევრობაა.

„ევრობარომეტრი“ არის საზოგადოებრივი აზრის კვლევების სერია, რომელიც, ევროკომისიისა და ევროკავშირის სხვა ინსტიტუტების დაკვეთით, 1974 წლიდან რეგულარულად ტარდება.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა