ტალიავინის კომისია მუშაობს და უცებ, გამოიკვეთა რუსეთის ერთ-ერთი უმძიმესი დანაშაული – ეკოდანაშაული, – განაცხადა ვეტერანმა მალხაზ თოფურიამ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, 2008 წლის ომის დროს, რუსეთის მიერ ბორჯომის ტყის მასივის გადაწვის შესახებ საუბრისას. როგორც მან აღნიშნა, რუსეთს, როგორც ეკოლოგიური დანაშაულის არჩადენაზე ხელმომწერ სახელმწიფოს, ბორჯომის ტყის გადაწვის გამო, მოუწევდა საქართველოს სასარგებლოდ დიდძალი თანხის გადახდა, თუმცა, ამ ფონზე, სააკაშვილმა და მერაბიშვილმა გააკეთეს განცხადებები და მადლობა გადაუხადეს წაღვერის მოსახლეობას, რომ მათ არ გათქვეს საბრძოლო მასალების სამალავის ადგილსამყოფელი.
თოფურიას თქმით, სწორედ მაშინდელი პრეზიდენტისა და შინაგან საქმეთა მინისტრის ამ განცხადებების შემდეგ მოეხსნა რუსეთს ეკოდანაშაულის ბრალდება.
„[ტალიავინის] კომისიის შედეგად, რუსეთს ყველაზე მძიმე დანაშაული აქვს არაადეკვატური ძალის გამოყენება, ყველაზე ცუდი ეს უწერიათ (დასკვნაში) საუბედუროდ, ამ დროს, ჩვეულებრივი ოკუპანტია. წერენ ასეთ რამეს, რომ რუსეთმა ჩაიდინა ეკოდანაშაული ეს არის ბორჯომის პარკის დაწვა – აქედან გამომდინარე, რუსეთს, როგორც ეკოდანაშაულის არჩადენაზე ხელმომწერ ქვეყანას, მოუწევდა რამდენიმე მილიარდის, დიდი თანხების გადახდა საქართველოს სასარგებლოდ. უცბად, რიგ-რიგობით, მიხეილ სააკაშვილი და ვანო მერაბიშვილი გამორბიან ყველა არხზე, ყველა მიკროფონთან – არც კეხვი, არც თამარაშენი, არც ერთი სოფელი არ გახსენებიათ, ქვის გროვას ეძახდნენ და ამ დროს აცხადებენ ასეთ რამეს: მადლობა წაღვერის მოსახლეობას, რომ მათ არ გათქვეს, ჩვენ რომ იქ ტექნიკას ვმალავდით და რაღაცებს ვინახავდითო. რუსეთს ბრალდება ეკოდანაშაულზე მოეხსნა, იმიტომ, რომ როდესაც შენ მწვანე საფარს საბრძოლო მასალების შესანახად იყენებ, სამხედრო სამართალში ასეა, რომ იმ წამსვე თავისუფლდება – ვანო მერაბიშვილმა და მიხეილ სააკაშვილმა რუსეთს მოუხსნეს ეს უმძიმესი ბრალდება.“ – განაცხადა მალხაზ თოფურიამ.