ის ადამიანები, რომლებმაც სრული იგნორირება გაუკეთეს ეუთო/ოდირის დასკვნას, ახლა ჩვენ გვთხოვენ მათ მოწვევას, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება ჯანსაღი ფორმით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ზოგადად, არ არის ასეთი პრაქტიკა, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე იწვევდნენ ეუთო/ოდირს.
„გადახვევები ხდება, მათ შორის ჩვენ გვქონდა გადახვევა 2021 წელს, რადგან ეს არჩევნები იყო დაკავშირებული საპარლამენტო არჩევნების თემასთან. ასე რომ, არის შემთხვევები, როცა თვითმმართველობის არჩევნებზეც იწვევენ მათ, თუმცა ეს არის გამონაკლისი. სტანდარტული პრაქტიკის მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებზე ხდება ხოლმე მისიის მოწვევა. შესაბამისად, ვფიქრობთ, ზედმეტი იქნება მათი დატვირთვა ამ არჩევნებით. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება ჯანსაღი ფორმით. ეუთო აკვირდებოდა საპარლამენტო არჩევნებს, მოამზადა დასკვნა, თუმცა არავინ დაინტერესდა ამ დასკვნით. დღეს იგივე ადამიანები გვთხოვენ მათ მოწვევას“, – განაცხადა კობახიძემ.
საქართველოში ბრიტანეთის საელჩომ დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია: „მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოიწვიოს ეუთო/ოდირ-ის მისია მუნიციპალურ არჩევნებზე და გაითვალისწინოს ოდირ-ის ყველა რეკომენდაცია“.