პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გიორგი გახარიასთვის კომისიაზე გამოცხადებისთვის გონივრული ვადის მიცემასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. „კომისიის წევრების კითხვებზე პასუხები რომ არ ჰქონდა და მიხვდა, რომ მისთვის მძიმე იქნებოდა ამ კითხვებზე პასუხების გაცემა ან ვერც გასცემდა, ამიტომ აქვს ასეთი პოზიცია“- განაცხადა დეპუტატმა და განმარტა, რომ გიორგი გახარიას კომისიაზე ხელმეორედ დაბარების საჭიროება დადგა, რადგან მისი და ადგილობრივი მოსახლეობის პოზიციები წინააღმდეგობაში მოდის ერთმანეთთან.
გურამ მაჭარაშვილმა აღნიშნა, რომ გიორგი გახარიასთვის კომისიაზე გამოცხადებისათვის მიცემული გონივრული ვადა 2-3 დღეს არ უნდა აღემატებოდეს.
„რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ფიზიკურად მოსვლა აუცილებელი კიდევ იმიტომ არის, გარდა იმ ძირითადი არგუმენტებისა, რომ საზოგადოებამ საქართველოში უკვე დაინახა და გაიგო – ჩორჩანას საგუშაგოს საკითხთან დაკავშირებით არის წინააღმდეგობები ადგილობრივი მოსახლეობის ჩვენებებსა და გიორგი გახარიას ჩვენებებს შორის. საქართველოს საზოგადოება ვის დაუჯერებს – იქ მცხოვრები ხალხი უფრო კარგად ხვდება რა ტერიტორიაზე მიდიან და რა ტერიტორია დაიკარგა და გავიდა კონტროლიდან თუ გახარიას, რომელიც ალბათ იმის მერე იქ აღარც ყოფილა. კომისიის წევრების კითხვებზე პასუხები რომ არ ჰქონდა და მიხვდა, რომ მისთვის მძიმე იქნებოდა ამ კითხვებზე პასუხების გაცემა ან ვერც გასცემდა, ამიტომ აქვს ასეთი პოზიცია. რომ ჩაერთვება შესაძლოა ტექნიკური ხარვეზი მოიმიზეზოს ან რაიმე სხვა. ეს [ჩორჩანას საგუშაგოს საქმე] არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. ვფიქრობ, რომ გონივრული ვადა, რომელსაც გახარიას მივცემთ კომისიაზე გამოცხადებისთვის, არ უნდა იყოს ბევრი, 2-3 დღე საკმარისია იმისთვის, რომ ჩამობრძანდეს. დაახლოებით 3 დღეა წასულია, ჩამობრძანდეს აქ და მერე ისევ წავიდეს სადაც უნდა. იმედი მაქვს, რომ ახლო აღმოსავლეთის მშვიდობის დასამყარებლად არ მიიწვიეს უცხოეთში და მაგის გარეშე ცეცხლის შეწყვეტის საკითხი გადაწყდება. თუ პირადი საქმეები აქვს – გაარკვიოს, მაგრამ კომისიაზე ჩამობრძანდეს და მერე ისევ წავიდეს. ვფიქრობ არ უნდა იყოს გონივრული ვადა უსაშველო. აქ იყო კომისიაზე და აქედან გარბოდა და იქიდან ვერ მოახერხებს წასვლას? ტექნიკურ ხარვეზს მოიმიზეზებს. მისი მანიპულაციები ცნობილია და ესეც არგუმენტია იმისა თუ რატომ არ შეიძლება მისი ჩართვა კომისიაზე,“- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.