[ასოცირების კომიტეტთან] შეხვედრისას გაჟღერდა გარკვეული წინაპირობები, კერძოდ „ევროპის სახალხო პარტიამ“ დაასახელა, რომ ეს გადაწყვეტილება გადადებულიყო არჩევნების შემდგომ, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ გაჟღერდა რამდენიმე წინაპირობა, რომელიც, სურათ, რომ ცვლილების სახით შესულიყო ამ რეკომენდაციაში, როგორც წინაპირობა, – ამის შესახებ გაეროსთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, დავით ბაქრაძემ, რომელიც 2014-2016 წლებში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას იკავებდა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ სურდა, რუსთავი 2-ის კანონიერი მფლობელის მიერ ტელეკომპანიის საკუთრების უფლებისთვის სასამართლო ბრძოლა შეწყვეტილიყო და ეს ყოფილიყო საქართველოს მოსახლეობისთვის უვიზო რეჟიმის დაწესების წინაპირობა.
„ეს იყო რუსთავი 2-ის საქმე, ანუ კანონიერი მფლობელის მიერ რუსთავი 2-ის საკუთრებაზე უფლებისთვის სასამართლო ბრძოლა რომ შეწყვეტილიყო. როგორც მერე საქართველოს სასამართლოებში და სტრასბურგის სასამართლოს მიერ დადგინდა, ნაძარცვის მძარცველის ხელში დატოვება უნდოდათ, რომ ყოფილიყო წინაპირობა საქართველოს მოსახლეობისთვის უვიზო რეჟიმის მიღებისთვის. მეორე, ეს იყო საკითხის გადადება არჩევნების შემდგომ. ანუ, საქართველოს მოსახლეობის გეოსტრატეგიული არჩევანის შეფერხება მაშინაც იყო „ოცნებაზე“ ზემოქმედების იარაღი – მმართველ გუნდთან შიდაპოლიტიკურ ბრძოლაში აზიანებდნენ სახელმწიფო ინტერესებს. ამის არგათვალისწინების შესაბამისად, ანუ, უპირობოდ, დროულად უვიზო მიმოსვლის მიღებისთვის რეკომენდაციას არ დაუჭირეს მხარი, იმის გამო, რომ ეს არ იყო გათვალისწინებული. მიუხედავად ამ მცდელობისა, გადაწყვეტილება უბრალო უმრავლესობით მაინც იქნა მიღებული და დაუჭირა მხარი ასოცირების კომიტეტმა რეკომენდაციას, რომ უვიზო მიმოსვლა ყოველგვარი პირობების გარეშე ყოფილიყო უზრუნველყოფილი საქართველოს მოქალაქეებისთვის.“ – განაცხადა დავით ბაქრაძემ.