სასამართლო სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე რომეო მიქაუტაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს. სხდომა 12:00 საათზე გაიმართება. ადვოკატის ინფორმაციით, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე ბრალს არ აღიარებს.
პროკურატურამ მიქაუტაძეს ბრალდება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე წარუდგინა. საგამოძიებო უწყება სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს.
პროკურატურის ბრალის მიხედვით, რომეო მიქაუტაძე სისტემატურად ბოროტად იყენებდა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.კერძოდ კი, ბრალდებულმა მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირების დახმარებით განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის 2 556 192 ლარის უკანონო დაუსაბუთებელი ლეგალიზაცია განახორციელა. ის 20 ივნისს დააკავეს. დანაშაული 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.