„იმედი მაქვს ბრიუსელში გაიმარჯვებს საღი აზრი, იმიტომ, რომ ვიზების შეჩერების საკითხი არის ფაქტობრივად ბოლო იარაღი, რაც შეიძლება საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენონ,“ – განაცხადა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო მდივანმა ეკა სეფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას, როცა კომენტარი გააკეთა იმაზე, აქვს თუ არა ევროკავშირს სავიზო შეთანხმების გაუქმების გარდა საქართველოზე ზემოქმედების სხვა იარაღი.
ეკა სეფაშვილის თქმით, შანტაჟის ამ იარაღის გარდა, ბრიუსელი მანამდე საქართველოს წინააღმდეგ ზეწოლის სხვა ფორმასაც მიმართავდა, მათ შორის კანდიდატის სტატუსს.
„იმედი მაქვს ბრიუსელში გაიმარჯვებს საღი აზრი, იმიტომ, რომ ვიზების შეჩერების საკითხი არის ფაქტობრივად ბოლო იარაღი, რაც შეიძლება საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენონ. თავის დროზე, ეს იყო სტატუსის თემა და ის, პირველ ეტაპზე, საკმაოდ წარმატებულადაც გამოიყენეს (მოგვიანებით იძულებულნი გახდნენ მოენიჭებინათ სტატუსი). შემდეგ იყო მოლაპარაკებების გახსნის თემა. ზემოქმედების ეს იარაღი ჩვენვე ჩავხსენით და ამას მოჰყვა ნოემბერში ძალადობრივი აქციები, რომლებსაც ევროპელმა ბიუროკრატებმა მშვიდობიანი აქციები უწოდეს,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
მანვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ სავიზო რეჟიმის გაუქმების თემა რომც გამოიყენონ საქართველოს წინააღმდეგ, ზემოქმედების სხვა ბერკეტი ბრიუსელს აღარ ექნება.
„სავიზო თემით მანიპულირების იარაღი რომც გამოიყენონ, ერთი, საქართველოს წინააღმდეგ ასამოქმედებელი სხვა იარაღი აღარ დარჩებათ და მეორე, საკუთარ რეპუტაციას და სამართლებრივ სისტემას გაანადგურებენ. ამიტომ, დიდი ოპტიმიზმით ვუყურებ იმას, რომ ისინი არ გადადგამენ ასეთ მკვეთრ ნაბიჯს, რადგან პირველ რიგში, ეს საქართველოს და ევროკავშირის მტრების წისქვილზე დაასხამს წყალს და არ მგონია მათ ის ტოტი მოჭრან, რომელსაც ეყრდნობიან. ამ შემთხვევაში აღმოჩნდება, რომ ევროკავშირის პოლიტიკური ძალა გლობალურ მსოფლიოში განულებულია – მათი სამართალი და პრინციპები არ მოქმედებს, საკუთარ ღირებულებებს თავად არ იცავენ,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.