პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: ევრობიუროკრატია ვიზალიბერალიზაციის შეჩერებით გვემუქრება

ლგბტ პროპაგანდის აკრძალვისა და გამჭვირვალობის გამო – იმ ორი კანონისთვის, რაც საქართველოს მომავალსა და სუვერენიტეტს უდევს საფუძვლად „[კაია კალასის განცხადება საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებასთან დაკავშირებით], ევროკავშირისთვის ძალიან დიდი სირცხვილია“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ევრობიუროკრატია საქართველოს ვიზალიბერალიზაციის შეჩერებით ემუქრება ლგბტ პროპაგანდის აკრძალვისა და გამჭვირვალობის გამო – იმ ორი კანონისთვის, რაც ქვეყნის მომავალსა და სუვერენიტეტს უდევს საფუძვლად.

„ეს განცხადება ძალიან დიდი სირცხვილია იმ ღირებულებებისა და ისტორიის გათვალისწინებით, რასაც ევროკავშირი ეფუძნება და რომელიც, პირველ რიგში, მშვიდობასა და უსაფრთხოებას ისახავდა მიზნად, როდესაც ის შეიქმნა. დღეს ყველა ეს პრინციპი, ფაქტობრივად, უგულებელყოფილია და [ევრობიუროკრატიის ნაწილი] გადასულია სწორედ ამ სადამფუძნებლო პრინციპების შეურაცხყოფაზე. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ საქართველოს მიმართ ორმაგი სტანდარტების გამოყენება უკვე ჩვევად აქვთ ქცეული. საზოგადოებას შევახსენებ, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლა ემყარება ყველა იმ პირობის შესრულებას, რაც ევროკავშირმა თავის დროზე დაუწესა ჩვენს ქვეყანას. ეს ეხებოდა პირველ რიგში კანონმდებლობის მოწესრიგებას, რათა ის თავსებადი ყოფილიყო ევროკავშირის კანონმდებლობასთან, ასევე, ინსტიტუციების მოწესრიგებას, რომელიც დაეხმარებოდა საქართველოს მიგრაციის მართვაში.

როდესაც 2013 წელს ევროკავშირის კომისარმა სესილია მალსტრომმა სამოქმედო გეგმა გადმოგვცა, ეს ოთხ დიდ ბლოკს მოიცავდა, რომელშიც შესული იყო ის დათქმები და კრიტერიუმები, რაც საქართველოს უნდა შეესრულებინა. აქ შედიოდა: დოკუმენტების უსაფრთხოება, ადამიანის უფლებები, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება და საზღვრის ინტეგრირებული მართვა. ყველა ამ მიმართულებით ძალიან კარგი პროგრესი ვაჩვენეთ – დაიწერა 23 სტრატეგია და ასობით კანონში შევიდა ცვლილება.

ევროკავშირი ყოველწლიურად აფასებს სხვადასხვა ქვეყანაში ამ მიმართულებებს და რა თქმა უნდა, მათ შორის, საქართველოშიც. ბოლო შეფასება რომ გავიხსენოთ, რომელიც გასული წლის დეკემბერში გამოქვეყნდა, ხელშესახები დარღვევა არ ყოფილა, რადგან, საქართველო პირნათლად ასრულებს ყველა მიმართულებას. ერთადერთი, რაზეც გვედავებოდნენ, იყო გამჭვირვალობის შესახებ კანონი და ოჯახური ღირებულებების დაცვის შესახებ კანონი, რომელიც ლგბტ პროპაგანდას კრძალავს. სწორედ ამ ორ თემაზე, ამ მნიშვნელოვან კანონებზე, რომელსაც ქართველი ხალხი უჭერს მხარს და რომლებიც საქართველოს მომავალსა და სუვერენიტეტს უდევს საფუძვლად, გვედავებოდნენ ადრეც, სხვადასხვა ფორუმებში თუ წერილებში და გვედავებიან ახლაც“, – აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა