პოლიტიკა

რობინ დანიგანი გამოსამშვიდობელ მიმართვას ავრცელებს

საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი რობინ დანიგანი გამოსამშვიდობელ მიმართვას ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ საქართველოს ადგილი დასავლური დემოკრატიების ოჯახშია.

დანიგანი მადლობას უხდის ქართველ ხალხს გულთბილი მიღებისთვის და აცხადებს, რომ საქართველოს მეგობრად რჩება.

“მსურს, ვისარგებლო ამ შესაძლებლობით დაგემშვიდობოთ და მადლობა გადაგიხადოთ. ჩემი 33 წლიანი დიპლომატიური კარიერის განმავლობაში მსოფლიოს გარშემო, არასდროს შევხვედრივარ ქართველებივით თბილ, სტუმართმოყვარე და დიდსულოვან ხალხს. მადლობა, რომ გაგვიღეთ თქვენი გულისა და სახლის კარი მე და ჩემს ოჯახს. მადლობა, რომ გამიზიარეთ თქვენი გულითადი სადღეგრძელოები და გემრიელი სუფრა, თქვენი დიდებული პოლიფონიური სიმღერა და უნიკალური კულტურა. ჩვენ მოვიარეთ ეს ულამაზესი ქვეყანა სვანეთიდან უშგულამდე, კახეთიდან თუშეთამდე და თბილისის ყველა კუთხე. სადაც არ უნდა წავსულიყავით, ყველგან საკუთარი ოჯახივით გვიღებდნენ. განცვიფრებულები ვართ თქვენი გულუხვი სტუმართმოყვარეობით. ვიცი, რომ ამერიკელი და ქართველი ხალხის განსაკუთრებული კავშირი გაუტეხელია და ვიცი, რომ საქართველოს ადგილი დასავლური დემოკრატიების ოჯახშია. ერთად მუშაობით, ვიცი, რომ ჩვენი შვილებისთვის უკეთესი მომავლის შექმნა შეგვიძლია. საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი. დიდი მადლობა და შეხვედრამდე”, – ამბობს აშშ-ის ელჩი.

5 ივნისს, აშშ-ის საელჩომ საქართველოში გაავრცელა ინფორმაცია, რომ დანიგანი თანამდებობას ტოვებდა. გავრცელებულ განცხადებაში ელჩი წერდა, რომ ეს პირადი გადაწყვეტილება იყო და მისი გაწვევა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას არ მოუთხოვია.

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საქართველოში ელჩის თანამდებობაზე რობინ დანიგანის კანდიდატურა 2023 წლის თებერვალში წარადგინა, სენატის მხარდაჭერის შემდეგ კი 2023 წლის ოქტომბერში ელჩის საქმიანობას შეუდგა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა