“ევროკავშირი აშშ-ის ეკონომიკაში 600 მილიარდი დოლარის ინვესტირების დაპირების შესრულებას ვერ შეძლებს”, – ამის შესახებ Politico ევროკავშირის ანონიმურ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს.
“ევროკავშირმა აღიარა, რომ მას არ აქვს უფლებამოსილება, შეასრულოს აშშ-ში 600 მილიარდი დოლარის ინვესტირების დაპირება, შოტლანდიაში სავაჭრო მოლაპარაკებებზე დადებული პირობიდან სულ რამდენიმე საათში. ეს იმიტომ ხდება, რომ თანხა მთლიანად კერძო სექტორის ინვესტიციებიდან მოდის, რომელზეც ბრიუსელს არანაირი უფლებამოსილება არ აქვს”, – ნათქვამია სტატიაში.
გამოცემის თანახმად, ევროკომისიის ანონიმურმა მაღალჩინოსანმა განმარტა, რომ ევროკავშირს არ შეუძლია დადოს გარანტია, რომ ინვესტიცია განხორციელდება, რადგან ეს დამოკიდებულია კერძო კომპანიების განზრახვებზე. სხვა წყაროს თანახმად, შეთანხმებული ინვესტიციის ოდენობა ეფუძნება სხვადასხვა ბიზნეს ასოციაციებთან და კომპანიებთან დეტალურ განხილვებს. ექსპერტები აშშ-ში ევროკავშირის კერძო სექტორის ინვესტიციების იდეას სკეპტიციზმით შეხვდნენ.
კვირას, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეთანხმებას მიაღწია, რათა თავიდან აეცილებინათ ევროკავშირსა და აშშ-ს შორის ტოტალური სავაჭრო ომი. შეთანხმება მოიცავდა დაპირებას, რომ მომდევნო წლებში აშშ-ში დამატებით 600 მილიარდი დოლარის ინვესტირებას მოახდენდა ევროკავშირის ფული – აღნიშნულია Politico-ს სტატიაში.