საქართველომ საკმაოდ სერიოზული კრიტიკა დაიმსახურა მას შემდეგ, რაც კონსტიტუციაში შეიტანა ფორმულირება, რომ ოჯახი შედგება ქალისა და მამაკაცისაგან, მათი ერთობა წარმოშობს ოჯახს. მაგრამ, გაცილებით უფრო მკაცრი იყო და დღემდე ისტერიულად გვიტევენ იმასთან დაკავშირებით, რომ ლგბტ პროპაგანდის შეზღუდვის კანონი მივიღეთ, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი, შვედეთის პრემიერ-მინისტრ ულფ კრისტერსონის განცხადებას, რომლის თანახმად, უკრაინის ევროკავშირთან დაახლოებისთვის, შვედეთის მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოთხოვნა ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაშვებაა.
ვოლსკის განცხადებით, უკრაინის მიმართ გამოხატული მსგავსი დამოკიდებულება იმ ფონზე, რომ ქვეყანაში ომის შედეგად უამრავი ადამიანია დაღუპული, ინსფრასტრუქტურა კი განადგურებული, დროის თვალსაზრისითაც და არსებული კონტექსტის გათვალისინებითაც, არათუ მისაღები, არამედ, სამარცხვინოა.
“რაც შეეხება უკრაინის მიმართ გამოხატულ დამოკიდებულებას, ეს რეალურად, უზნეობაა. ყოველდღიურად აცხადებენ იმას, რომ უკრაინამ ევროპულ გზაზე წარმატებას მიაღწია და საერთოდ, სისხლში ცურავს უკრაინა – განადგურდა ინფრასტრუქტურა, უამრავი ახალგაზრდა დაიღუპა. არაფრად დაგიდევენ არც უკრაინელი ხალხის სისხლს, არც დაღუპულ ადამიანებს, არც ნგრევას და ამ საშინელ ომს, რომელმაც შეიძლება სერიოზული პრობლემები შეუქმნას მთელ მსოფლიოს და ამბობენ, რომ ასეთ ვითარებაში, უკრაინამ უნდა იზრუნოს და გადაწყვეტილება მიიღოს იმასთან დაკავშირებით, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინება არის ღია კარი რომელიც მას ევროკავშირის წევრობამდე მიიყვანს. არც დროის თვალსაზრისით, არც საერთოდ, უბედურების კონტექსტიდან გამომდინარე, არათუ მისაღები არ არის, არამედ, კონკრეტული ქვეყნისათვის სამარცხვინოა,” – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.