საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის მიერ გამოქვეყნებული ღია წერილი, რომელიც მიმართულია ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპისადმი, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე უბრალო დიპლომატიური ჟესტი. ეს არის პრინციპული განაცხადი, რომ თბილისსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობები სუფთა ფურცლიდან, ახალი რეალობის გათვალისწინებით უნდა დაიწყოს, – წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.
ჩიხელიძის განცხადებით, მიხეილ ყაველაშვილის გზავნილი აშშ-ის პრეზიდენტისადმი საქართველოს სახელმწიფოს ეროვნული ინტერესების მკაფიო დეკლარაციაა.
„საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის მიერ გამოქვეყნებული ღია წერილი, რომელიც მიმართულია ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპისადმი, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე უბრალო დიპლომატიური ჟესტი. ეს არის პრინციპული განაცხადი, რომ თბილისსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობები სუფთა ფურცლიდან, ახალი რეალობის გათვალისწინებით უნდა დაიწყოს. წერილში ჩანს პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რომლითაც საქართველოს უმაღლესი ხელისუფლება ცდილობს ხელი შეუწყოს სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებას. საუბარია არა წარსულის გადაფარვაზე, არამედ იმაზე, რომ „სუფთა ფურცლიდან“ ურთიერთობა აგებული იქნას კონკრეტულ გეგმასა და შედეგებზე ორიენტირებულ გზამკვლევზე. გეოპოლიტიკური რეალობა დღეს საქართველოსთვის განსაკუთრებით სენსიტიურია. ქვეყნის 20% ოკუპირებულია, რუსეთის მხრიდან სამხედრო და ჰიბრიდული ზეწოლა არ ნელდება, შავი ზღვის რეგიონი კი გადაიქცა ძალთა ბალანსის მთავარი არენად. ასეთ ვითარებაში კი შესაძლოა ამერიკის შეერთებული შტატების როლი საქართველოს უსაფრთხოების, სუვერენიტეტისა და განვითარების კუთხით გადამწყვეტია. პრეზიდენტის გზავნილი ტრამპის ადმინისტრაციისადმი, საქართველოს სახელმწიფოს ეროვნული ინტერესების მკაფიო დეკლარაციაა. საქართველო აცხადებს, რომ მზად არის ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ დამწვარი ხიდების აღდგენის პროცესში აქტიურად ჩაერთოს რათა აშშ-თან ურთიერთობის გადატვირთვით, წერტილი დაუსვას, ორი სტრატეგიული პარტნიორის ურთიერთობაში არსებულ ბუნდოვანებას. მიხეილ ყაველაშვილის მიმართვა უნდა შეფასდეს, როგორც დროული და სახელმწიფოებრივად გამართლებული ინიციატივა, რომელიც ასახავს საქართველოს გეოპოლიტიკურ ხედვას. ეს არ არის უბრალო პროტოკოლური ნაბიჯი — ეს არის მცდელობა, რომ ქვეყანამ სტრატეგიულ პარტნიორობას ამერიკასთან ურთიერთობას ახალი სიცოცხლე შესძინოს და დასავლურ გზაზე პოზიციები კიდევ უფრო გაიმყაროს“,- წერს დავით ჩიხელიძე.