საგამოძიებო კომისიამ, მისთვის განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, განიხილა და შეაფასა ყველა ის ძირითადი ფაქტი და ინფორმაცია, რომელიც 2012 წლიდან დღემდე დესტრუქციული ოპოზიციის – მიხეილ სააკაშვილის, „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათთან დაკავშირებული ფიზიკური თუ იურიდიული პირების საქმიანობას ეხება. საგამოძიებო კომისიამ მოუსმინა კომპეტენტურ პირებს, რომლებსაც ახსნა-განმარტებები ჩამოერთვათ და შეაფასა მის ხელთ არსებული არაერთი ინფორმაცია,- ამის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, ვიცე-სპიკერმა თეა წულუკიანმა, კომისიის დასკვნის წარდგენისას განაცხადა.
თეა წულუკიანი აცახდებს, რომ 2012 წლიდან დღემდე ქვეყანაში არ ყოფილა არცერთი პოლიტიკურად მშვიდი წელიწადი.
„წინამდებარე დასკვნაში მოყვანილი ფაქტები მხოლოდ ნაწილია იმ მოვლენებისა, რომლებიც საქართველოში 2012-2025 წლებში განვითარდა. თუმცა, ისინი საკმარის საფუძველს იძლევა დასაბუთებული დასკვნისთვის, რომ 2012 წლიდან დღემდე, მიხეილ სააკაშვილის, „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათთან დაკავშირებული ფიზიკური თუ იურიდიული პირების დესტრუქციული საქმიანობის ფონზე, საქართველოში ჯანსაღი პოლიტიკური სისტემა ვერ ჩამოყალიბდა.
2012-2025 წლებში, სახელმწიფოს მუდმივად უწევდა ისეთ გამოწვევასთან გამკლავება, როგორიც იყო კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის მრავალჯერადი მცდელობა, რომლის ძირითად შემსრულებლად დესტრუქციული ოპოზიცია და უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები გვევლინებოდნენ. ამის გამო, 2012 წლიდან დღემდე, საქართველოს არ მისცემია არცერთი პოლიტიკურად მშვიდი წელიწადი. დესტრუქციულმა პოლიტიკურმა დღის წესრიგმა თითქმის სრულად დაიკავა ოპოზიციური პოლიტიკური ველი, რამაც მიუკერძოებელი სამოქალაქო სექტორის გაძლიერება და ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებისთვის ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფების ჩამოყალიბება შეაფერხა ან შეუძლებლად აქცია“,- აცხადებს თეა წულუკიანი.
თეა წულუკიანის თქმით, საქართველოში მდგომარეობა მას შემდეგ კიდევ უფრო დამძიმდა, რაც ქვეყანა ომში ჩათრევის მუდმივი მცდელობის მოგერიების რეჟიმში გადავიდა.
„ვითარება, განსაკუთრებით, მას შემდეგ გამწვავდა, რაც 2022 წლის თებერვლიდან სახელმწიფოს მოუწია ძალზედ მტკივნეული პროცესების დაძლევა და საქართველოს ომში ჩათრევის განუწყვეტელი მცდელობების მოგერიება.
მის ხელთ არსებულ ფაქტებსა და ინფორმაციებზე დაყრდნობით, საგამოძიებო კომისია მიიჩნევს, რომ საქართველოში ჯანსაღი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბების ხელშეშლას, მიხეილ სააკაშვილთან და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, ახორციელებენ წინამდებარე დასკვნაში მოხსენიებული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან, ასევე, „ნაციონალური მოძრაობის“ წიაღიდან გამოსული ისეთი პოლიტიკური გაერთიანებები, როგორიცაა „კოალიცია ცვლილებებისთვის“, და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ სრულ კოორდინაციასა და კოალიციურ მმართველობაში მყოფი „ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის““,- განაცხადა თეა წულუკიანმა.