ბიზნესმენი ირაკლი რუხაძე ამბობს, რომ ბიზნესი კორუფციას პრობლემად არ თვლის. მან ბიზნესისა და ირაკლი კობახიძის შეხვედრის შემდეგ, კორუფციაზე კითხვის საპასუხოდ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ამ საკითხზე მთავრობა ლაპარაკობს და უნდა გაერკვეს, თუ რა ხდება.
რუხაძის თქმით, კორუფციაზე ოპოზიციურად განწყობილი ბიზნესიც კი არ საუბრობს.
“იზომება კორუფციის ინდექსი და ესაა ფართომასშტაბიანი გაზომვა ქვეყნის ფარგლებში, სადაც ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი მაჩვენებელი. ბიზნესი ამას [კორუფციას] მაინცდამაინც პრობლემად არ თვლის. მეორე, ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად ღია ბიზნესგარემო იმ კუთხით, რომ გვყავს ძალიან ბევრი ბიზნესმენი, რომელიც არის ოფიციალურად ოპოზიციის მხარდამჭერი, რომლებიც ასევე არ ლაპარაკობენ კორუფციაზე, მე არ გამიგია. ანუ [კორუფციაზე] მთავრობა ლაპარაკობს მხოლოდ. როდესაც მთავრობა ლაპარაკობს და ბიზნესმა არ ვიცით რა ხდება, მე ჯერ უნდა გავიგო ვინ იყო, რა იყო, იმიტომ, რომ მე არ შემხებია, ისევე როგორც არ ეხება ოპოზიციური ბიზნესებს თურმე. ოპოზიციური ბიზნესი არ წუწუნებს, რომ კორუფცია გვაქვსო. მთავრობა იძახის, რომ არის და უნდა გავიგოთ რა არის. კორუფციას აქვს ორი მხარე, მარტო ამღები არ არის კორუფცია, მიმცემიც კორუფციაა და ამიტომ, უნდა გავიგოთ ვინ, სად, რა, რას აძლევდა და რას აკეთებდა და მერე გავერკვეთ. რა თქმა უნდა, ცუდია, საშინელებაა, რაზეა ლაპარაკი, კორუფცია ხელს უშლის ყველაფერს. მაგრამ მე მინდა გავერკვე, რა კორუფციასთან გვაქვს საქმე”,- ამბობს რუხაძე.





















