ვაშინგტონი. – „მნიშვნელოვანია, დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი ბირთვული არსენალი ნამდვილად გამართულია, და ეს არის გამოცდების სისტემის ნაწილი… ჩვენ ვიცით, რომ ის ჯეროვნად მუშაობს, მაგრამ დროდადრო საჭიროებს შემოწმებას, და პრეზიდენტს უბრალოდ სურს დარწმუნდეს, რომ ჩვენ ამას ვაკეთებთ“, – განუცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯ. დი. ვენსმა ჟურნალისტებს მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა ბირთვული გამოცდების „დაუყოვნებლივ“ განახლების შესახებ ბრძანებაზე ისაუბრა.
ამავე დროს, იარაღის კონტროლის ასოციაციის დირექტორმა, დერილ კიმბალმა X-ზე განაცხადა, რომ „აშშ-ს არ აქვს ტექნიკური, სამხედრო ან პოლიტიკური აუცილებლობა, განაახლოს ბირთვული გამოცდები“. მისი თქმით, ნევადის პოლიგონზე მიწისქვეშა გამოცდების დასაწყებად მინიმუმ 36 თვე იქნება საჭირო.
გამოცემა Atlantic აღნიშნავს, რომ ტრამპი, სავარაუდოდ, უბრალოდ „გააღიზიანა“ რუსეთის განცხადებებმა მათ მიერ ბოლო დროს ჩატარებული საკონტინენტთაშორისო რაკეტა „ბურევესტნიკისა“ და წყალქვეშა ტორპედო „პოსეიდონის“ გამოცდების შესახებ. Washington Post ასევე წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის განცხადება „ტრამპის მიერ რუსულ პროვოკაციებზე რეფლექსური რეაგირების მორიგ მაგალითს“ ჰგავს.
გარდა ამისა, როგორც New York Times წერს, თუ აშშ მართლაც გადაწყვეტს ბირთვული გამოცდების განახლებას, ეს „ჩინეთსა და რუსეთს ანალოგიური სრულმასშტაბიანი გამოცდების ჩატარების კარტ-ბლანშს მისცემს“.





















