მუნის შემთხვევების მატებასთან დაკავშირებით მთავრობაში ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ არსებული ვითარება არ არის საგანგაშო და არ საჭიროებს პანიკას.
„თითოეული გადადებული ინფექცია სამწუხაროა, არ არის სასიამოვნო, მაგრამ არასტანდარტული და არანორმალური არაფერი ხდება. ცალკეული შემთხვევების მიუხედავად, განგაშის საფუძველი არ არსებობს,“ – აღნიშნა სარჯველაძემ ჟურნალისტებთან.
მისი თქმით, ბოლო დღეებში თემის მიმართ გაზრდილი ყურადღება გადაჭარბებულია.
„როგორც პაატა იმნაძემ განმარტა, რეალური მიზეზი აჟიოტაჟის შექმნისთვის არ არსებობს. როდესაც დაავადებაზე ვრცელდება ინფორმაცია, ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან მსგავსი კომუნიკაცია ხშირად პანიკის დათესვას იწვევს”.
სარჯველაძის თქმით, სტატისტიკურად, დაავადების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად არ განსხვავდება წინა წლების მონაცემებისგან.
„ვფიქრობ, ცოტა გადაჭარბებული იყო ყურადღება. საზოგადოება უნდა დავამშვიდოთ ყველა სპეციალისტისგან გვაქვს ინფორმაცია, რომ განსაკუთრებული და საგანგაშო არაფერი ხდება,“ – დასძინა მან.
სარჯველაძემ ასევე აღნიშნა, რომ დაავადების გადაცემა მარტივად არ ხდება და გავრცელებული ინფორმაციის ნაწილი არ შეესაბამება რეალობას.
„მუნის გადაცემა ხელის ჩამორთმევით ან გადაკოცნით არ ხდება. საჭიროა ხანგრძლივი ფიზიკური კონტაქტი კანთან. რაც შეეხება მედიკამენტებზე ინფორმაციას, თითქოს ისინი დეფიციტურია ესეც მცდარი ცნობაა,“ – განმარტა სარჯველაძემ.











