ნიუ-იორკის შობისა და ახალი წლის ცნობილი სიმბოლო მანჰეტენზე ჩამოიტანეს. ეს მოვლენა ქალაქში ზამთრის დღესასწაულების სეზონს ხსნის, ნათქვამია როკფელერის ცენტრის განცხადებაში, სადაც ტრადიციულად დგამენ ნაძვის ხეს.
100 წლის ნაძვის ხე, რომლის სიმაღლე 75 ფუტი (23 მეტრი) და წონა 11 ტონაა, ოლბანის გარეუბან ისტ-გრინბუშში მოჭრეს მას შემდეგ, რაც ის როკფელერის ცენტრის მთავარმა მებაღემ, ერიკ პაუზემ შენიშნა. უკვე 30 წელზე მეტია, რაც პაუზე საშობაო ხის შერჩევაზეა პასუხისმგებელი და ყოველწლიურად მოგზაურობს შტატებში იდეალური ნაძვის საძიებლად.
ხე ადგილობრივმა მცხოვრებმა ჯუდი რასმა და მისმა ოჯახმა შესწირეს ქალაქს. ნაძვის ხე მისი მეუღლის დიდმა ბებია-ბაბუამ 1920-იან წლებში მათ კერძო ნაკვეთზე დარგეს. რასმა ტელეარხ NBC-ის უთხრა, რომ ის და მისი მეუღლე დიდი ხანია ხუმრობდნენ და ოცნებობდნენ საგვარეულო ხის ნიუ-იორკისთვის საშობაოდ გადაცემაზე.
განათების ცერემონია
ახლა ხეს 50 000 ფერადი ნათურით და სამგანზომილებიანი Swarovski-ის ვარსკვლავით დაამშვენებენ, რომელიც დაახლოებით 400 კგ-ს იწონის და რომლის სხივებიც სამი მილიონი კრისტალითაა დაფარული.
ნათების საზეიმო ცერემონია 3 დეკემბერს გაიმართება. ღონისძიება პირდაპირ ეთერში გადაიცემა და მას ქანთრის ვარსკვლავი რიბა მაკინტაირი გაუძღვება.
Facebook Comments Box











