საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ნიკოლა სარკოზიმ ციხე დატოვა. ფრანგული მედიის ინფორმაციით, სარკოზიმ პარიზის „ლა სანტეს“ ციხე დატოვა და ავტომობილით სახლში მეუღლესთან ერთად მივიდა.
ამასთან, დღეს პარიზის სააპელაციო სასამართლოს ვიდეომიმართვის დროს სარკოზიმ განაცხადა, რომ ციხეში გატარებული სამი კვირა მისთვის „დამქანცველი“ და „კოშმარი“ იყო.
ცნობისთვის, პარიზის სასამართლომ საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის ციხიდან ვადაზე ადრე გათავისუფლების შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ფრანგული მედიის ცნობით, სასამართლოს გადაწყვეტილებით, სარკოზი „სასამართლოს ზედამხედველობის“ ქვეშ იქნება.
ყოფილ პრეზიდენტს საფრანგეთის დატოვება ეკრძალება. ასევე, მას აკრძალული ექნება საფრანგეთის იუსტიციის სამინისტროს ოფიციალური პირებთან შეხვედრაც.
საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატის თქმით, სარკოზის ციხიდან გათავისუფლება მხოლოდ პირველი ნაბიჯია და დაცვის მხარე საფრანგეთის ყოფილი ლიდერის მიმართ გამოტანილი განაჩენის გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში აპირებს.











