უცხოური მედია

სერბეთში ნატო-ს დაბომბვის მსხევრპლთა მემორიალის ადგილზე “ტრამპის კოშკის” მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები იმართება

ბელგრადში ათასობით მოქალაქე შეიკრიბა იმ ისტორიულ ნანგრევებთან, სადაც იუგოსლავიის გენერალური შტაბის შენობა იყო განთავსებული, რათა შეეჩერებინათ გეგმა, რომლის მიხედვითაც ეს ადგილი ამერიკელი ინვესტორის, ჯარედ კუშნერის (აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სიძე) მდიდრულ კომპლექსს “ტრამპის კოშკი ბელგრადს” დაეთმობა. საპროტესტო აქცია სერბეთის ხელისუფლების გადაწყვეტილების წინააღმდეგაა მიმართული, რომელმაც 500 მილიონი დოლარის ღირებულების პროექტისთვის მწვანე შუქი აანთო.

აქციის მონაწილეებმა, რომელთა შორისაც სტუდენტები და სამოქალაქო აქტივისტები ჭარბობდნენ, “ცოცხალი ფარი” შექმნეს შენობის ირგვლივ, რომელიც 1999 წელს ნატო-ს დაბომბვის შედეგად ნაწილობრივ დაინგრა. ამ ადგილს მრავალი სერბი ნატო-ს აგრესიისადმი წინააღმდეგობის ეროვნულ სიმბოლოდ მიიჩნევს, ხოლო თავად შენობა იუგოსლავიის მოდერნისტული არქიტექტურის მნიშვნელოვანი ნიმუში იყო.

„ეს არის გაფრთხილება, რომ ჩვენ ერთობლივად დავიცავთ ამ შენობებს. ჩვენ ვიქნებით ცოცხალი ფარი,“ – განაცხადა ერთ-ერთმა სტუდენტმა, რომელმაც ხაზი გაუსვა საზოგადოების მტკიცე პოზიციას.

საპარლამენტო დებატების ფონზე, სერბეთის საკანონმდებლო ორგანომ გასულ კვირას მიიღო სპეციალური კანონი, რომელიც ჯარედ კუშნერის კომპანია Affinity Partners-ის მიერ დაგეგმილი პროექტისთვის სამშენებლო ნებართვების პროცესს აჩქარებს.

პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩის პრო-ტრამპული მთავრობა ამტკიცებს, რომ $500-მილიონიანი პროექტი ხელს შეუწყობს ეკონომიკის გაძლიერებას და აშშ-ის ამჟამინდელ ადმინისტრაციასთან კავშირების გაუმჯობესებას. პროექტის ოპონენტები კი ამტკიცებენ, რომ ხელისუფლების ქმედება კორუფციული გარიგებისა და ეროვნული მემკვიდრეობის ხელყოფის მაგალითია.

პროექტის ვებგვერდი კომპლექსს, რომელიც მდიდრულ აპარტამენტებსა და სასტუმროს მოიცავს, „უპრეცედენტო ფუფუნებად“ ახასიათებს, თუმცა მას ასევე დაგეგმილი აქვს მუზეუმის გახსნა ნატო-ს დაბომბვის მსხვერპლთა პატივსაცემად. კრიტიკოსებისთვის, ისტორიული ტრაგედიის ადგილას მდიდრული კომპლექსის მშენებლობა “დამცირებად” აღიქმება.

მომხდარი მოვლენები უკანასკნელი წლების ანტისამთავრობო პროტესტების ფონზე ვითარდება, რაც პრეზიდენტ ვუჩიჩის მმართველობას მნიშვნელოვან გამოწვევებს უქმნის.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა