რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, დასავლური ქვეყნები, კერძოდ კი გერმანია, ნიურნბერგის პროცესის პრინციპების დარღვევაში დაადანაშაულა, რითაც გერმანელები აღაშფოთა.
გერმანული გამოცემა News.de-ის ცნობით, ლავროვი მიიჩნევს, რომ გერმანია ისე იქცევა, თითქოს არავისი არაფერი მართებს და მის წარსულს მნიშვნელობა არ აქვს.
„გერმანიამ გაიარა დენაციფიკაციისა და მონანიების პროცესი. სამწუხაროდ, ჩვენ გვაქვს განცდა, რომ ამ მონანიებას უკვე მცირე მნიშვნელობა აქვს,“ – განაცხადა დიპლომატმა. გერმანულმა მედიამ აღნიშნა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ამ ბრალდებებმა გერმანიაში შოკი გამოიწვია.
დასავლეთს ნიურნბერგის პროცესის შესახებ ინფორმაციის დამალვაში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, მარია ზახაროვა ადანაშაულებს. ის ამტკიცებდა, რომ ნაცისტი წინაპრები ჰყავდათ გერმანიის კანცლერს, ფრიდრიხ მერცს, გერმანიის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბერბოკს, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, MI-6-ის ხელმძღვანელს ბლეიზ მეტრეველსა და კანადის ექს-ვიცე-პრემიერ ქრისტია ფრილანდს.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აღნიშნა, რომ დასავლეთის ქვეყნებში ღიად უგულებელყოფენ ნიურნბერგის ტრიბუნალის ვერდიქტებს. მან აღნიშნა, რომ ეს საშიში ტენდენციები გამოწვეულია იმით, რომ დასავლურ ელიტებს არ სურთ გაიხსენონ მათი წინამორბედების პირდაპირი ბრალეულობა მსოფლიო ომის გაჩაღებაში.
ლავროვმა დაამატა, რომ ნიურნბერგის ტრიბუნალზე ჩამოყალიბდა პრინციპები, რომლებიც თანამედროვე საერთაშორისო სამართლის საფუძველი გახდა, მათ შორის ის, რომ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს, გენოციდსა და სამხედრო დანაშაულებს ხანდაზმულობის ვადა არ აქვთ. თუმცა, მისი თქმით, ეს პრინციპები თანამედროვე ევროპაში ხშირად ეჭვქვეშ დგება.











