გერმანიის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ რუსეთისა და ნატო-ს ომი, შეიძლება, 2029 წელს დაიწყოს.
აღნიშნულის შესახებ ბორის პისტორიუსმა გერმანულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
„ეს საკითხი სპეკულაციურად რჩება. სამხედრო ექსპერტებს და სპეცსამსახურებს შეუძლიათ, მიახლოებით შეაფასონ, როდის აღადგენს რუსეთი თავის შეიარაღებულ ძალებს იმ დონემდე, რომ შეეძლება, ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე მდებარე ერთ-ერთ ქვეყანას დაარტყას. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ეს, შეიძლება, მოხდეს 2029 წელს. ახლა გამოჩნდნენ ისეთები, რომლებიც ამბობენ, რომ ეს შესაძლებელია 2028 წელს, ხოლო ზოგიერთი სამხედრო ისტორიკოსი აცხადებს, რომ ჩვენ წელს ბოლო მშვიდობიანი ზაფხული გვქონდა“, – განაცხადა პისტორიუსმა.
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთის მხრიდან მუქარების მხრივ ვითარება ბოლო წლებში ძალიან შეიცვალა, თუმცა ამის გაცნობიერება 2022 წელს მოხდა.
„ახლა უკვე ცხადია, რომ მოსკოვი არის დიდი მეტოქე, რომელიც იქცევა მაქსიმალურად დაუნდობლად და იმპერიალისტურად. ამისთვის ჩვენ კიდევ უკეთესად უნდა ვიყოთ მზად“, – აღნიშნა გერმანიის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.
მისივე თქმით, ნატო-მ არ უნდა შექმნას ისეთის შთაბეჭდილება, თითქოსდა თავს ვერ დაიცავს. პისტორიუსის განცხადებით, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს აქვს შეკავების მნიშვნელოვანი პოტენციალი, როგორც „ჩვეულებრივი, ისე ბირთვულიც“, ხოლო გერმანიას ჰყავს ბრძოლისუნარიანი შეიარაღებული ძალები, მაგრამ საჭიროა მათი უკეთ აღჭურვა“.
გერმანიის თავდაცვის მინისტრს უპასუხა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა. მარია ზახაროვას თქმით, „ახლა უკვე ეჭვგარეშეა, ვინ არის აგრესორი“.











