აშშ-ის პრეზიდენტმა, 79 წლის დონალდ ტრამპმა, Wall Street Journal-თან ინტერვიუში საკუთარ ჯანმრთელობაზე ისაუბრა და ბოლო დროს გავრცელებული კითხვები განმარტა. პრეზიდენტმა თავის მდგომარეობას “იდეალური” უწოდა და რამდენიმე დეტალზე გაამახვილა ყურადღება:
ასპირინის მიღება და ფიზიკური ნიშნები
ტრამპმა დაადასტურა, რომ ექიმების რეკომენდაციის მიუხედავად, ის ყოველდღიურად 325 მგ ასპირინს იღებს. მისი თქმით, ამას “ცრურწმენის” გამო აკეთებს, რათა სისხლის სიბლანტე აიცილოს თავიდან. პრეზიდენტი სწორედ ასპირინის ჭარბ მოხმარებას უკავშირებს ხელზე არსებულ სილურჯეებს. რაც შეეხება ფეხების შეშუპებას, ექიმის განმარტებით, ეს “ქრონიკული ვენური უკმარისობითაა” გამოწვეული, რაც მისი ასაკისთვის დამახასიათებელია.
სამედიცინო კვლევები
პრეზიდენტმა დააზუსტა, რომ ბოლო გამოკვლევისას მას არა მაგნიტურ-რეზონანსული (MRI), არამედ კომპიუტერული ტომოგრაფია (CT) ჩაუტარდა. ექიმ შონ ბარბაბელას განცხადებით, კვლევის მიზანი გულ-სისხლძარღვთა სისტემის მდგომარეობის საბოლოო გადამოწმება იყო.
ენერგიის დონე და ცხოვრების წესი
ტრამპმა კატეგორიულად უარყო ინფორმაცია შეხვედრებზე ჩაძინების შესახებ. მისი განმარტებით, საჯარო გამოსვლებისას თვალების დახუჭვა მისთვის დასვენების მეთოდია და არა ძილი.
პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა ფიზიკურ აქტივობაზეც. მან აღნიშნა, რომ გოლფის გარდა ვარჯიშის სხვა ფორმები, მაგალითად სარბენი ბილიკი, მისთვის “მოსაწყენია” და უპირატესობას დატვირთულ სამუშაო გრაფიკს ანიჭებს.











