მინეაპოლისში აშშ-ის საიმიგრაციო სამსახურის (ICE) თანამშრომლის მიერ მოკლული ქალის ვინაობა ცნობილია: ის 37 წლის პოეტი და სამი შვილის დედა, რენე ნიკოლ გუდი აღმოჩნდა. BBC-ის ცნობით, ინციდენტი იმავე რაიონში მოხდა, სადაც 2020 წელს პოლიციამ ჯორჯ ფლოიდი მოკლა. ქალაქის ხელისუფლების ცნობით, გუდი შემთხვევის ადგილზე „იურიდიული დამკვირვებლის“ სტატუსით იმყოფებოდა და მოხალისეობრივად აკვირდებოდა ძალოვნების მოქმედებებს რეიდის დროს.
მომხდარმა ქვეყანაში მწვავე პოლიტიკური დაპირისპირება გამოიწვია. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ და საშინაო უსაფრთხოების მინისტრმა კრისტი ნოემმა გარდაცვლილს „შიდა ტერორისტი“ უწოდეს. მათი მტკიცებით, გუდი ავტომობილით აგენტებზე თავდასხმას ცდილობდა, რის გამოც ოფიცერმა თავდაცვის მიზნით ისროლა. თუმცა, მინეაპოლისის მერმა, ჯეიკობ ფრეიმ, ვიდეომასალის ნახვის შემდეგ ამ ვერსიას „სისულელე“ უწოდა და მომხდარი ძალაუფლების ბოროტად გამოყენებად შეაფასა.
რენე ნიკოლ გუდი კოლორადოდან იყო და მინეაპოლისში საცხოვრებლად ცოტა ხნის წინ გადავიდა. ის ოლდ დომინიონის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული და ამერიკელი პოეტების აკადემიის პრემიის ლაურეატი იყო. ახლობლები მას აღწერენ, როგორც განსაკუთრებული თანაგრძნობის უნარის მქონე მორწმუნე ქრისტიანს, რომელიც ადრეულ წლებში მისიონერულ საქმიანობაშიც მონაწილეობდა. ბოლო წლებში იგი ძირითადად შვილების აღზრდითა და შემოქმედებით იყო დაკავებული.
გარდაცვლილის ოჯახი ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს. დედამისის, დონა განგერის თქმით, რენე „ერთ-ერთი ყველაზე კეთილი ადამიანი“ იყო და მას აგენტებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია. გუდის ყოფილი მეუღლის განცხადებით, რენე არასოდეს ყოფილა რადიკალი აქტივისტი.
მოკლულის ოჯახის დასახმარებლად შექმნილ ფონდში სულ რამდენიმე საათში 370 ათას დოლარზე მეტი შეგროვდა.
გუდის სიკვდილმა აშშ-ის მასშტაბით საპროტესტო ტალღა გამოიწვია ლოზუნგით „სამართლიანობა რენესთვის“. უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, ბრაიან ჰემფილმა, სამძიმრის წერილში აღნიშნა, რომ ეს ტრაგედია ქვეყანაში გამეფებული შიშისა და ძალადობის მორიგი ნათელი მაგალითია.
ამ დროისთვის ინციდენტის ირგვლივ გამოძიება გრძელდება.











