ბოლოდროინდელი მოვლენების გათვალისწინებით, ალბათ, პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ბრიუსელი ან თავს იტყუებს, ან უარეს შემთხვევაში, რეალობის აღქმა აქვს დაკარგული, – განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა.
მან ევროინტეგრაციის პროცესში ევროკავშირის წევრობის მსურველი ქვეყნების მიმართ ევრობიუროკრატიის დამოკიდებულება შეაფასა.
„სამწუხაროდ, დღეს ბრიუსელის პოლიტიკა არის ბრმა თვითდინება. არიან წლების განმავლობაში საკუთარი პოლიტიკის თუ პოლიტიკური შეცდომების მსხვერპლი და იმის ნაცვლად, რომ სახე შეინარჩუნონ, რეალისტურად, ჯანსაღად შეხედონ მოვლენებს კვლავ აგრძელებენ საკუთარი ძველი, არასწორი, უსამართლო პოლიტიკის გატარებას.
ჩვენ ვაკვირდებით და ვხედავთ, რა თქმა უნდა, რომ ევროინტეგრაციის პროცესი სულ უფრო მეტად ეფუძნება პოლიტიკურ ინტერესებს და უფრო ნაკლებად მოსურნე ქვეყნების მხრიდან რეალურ პროგრესს. თუ ამ პოლიტიკურ ინტერესში ჯდება, მაშინ თურმე შესაძლებელია, რომ თვალი დახუჭო ისტორიული მასშტაბის კორუფციულ სკანდალებზე, ეკონომიკურ სტაგნაციაზე, პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე, მედიების ტოტალურ კონტროლზე“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.











