პოლიტიკა

თამარ ჩიბურდანიძე: ევროკავშირის პოლიტიკური კრიზისის დაძლევა მხოლოდ ევროპარლამენტის ვადამდელი არჩევნებით არის შესაძლებელი. “ახალი ევროპის” იდეა ძალას იკრებს

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში ევროკავშირის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება.

მისი შეფასებით, ევროკავშირში არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისის დაძლევა მხოლოდ ევროპარლამენტის ვადამდელი არჩევნებით არის შესაძლებელი, ხოლო „ახალი ევროპის“ იდეა სულ უფრო მეტ მხარდამჭერს იკრებს. „გლობალიზაციის ჩრდილოვანი მმართველები მთელი ძალით ებღაუჭებიან ლიბერალიზმის ბოლო ნავსაყუდელს — ევროპას, მაგრამ როდემდე?!“- წერს ანალიტიკოსი და განმარტავს, რატომ მიიჩნევს, რომ არსებული კრიზისის ფონზე სხვა გამოსავალი პრაქტიკულად აღარ არსებობს.

„რით არის შესაძლებელი ევროკავშირის პოლიტიკური კრიზისის დაძლევა? ამაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი მაქვს — მხოლოდ ევროპარლამენტის ვადამდელი არჩევნებით. დაუშვებს თუ არა ჩრდილოვანი მმართველები ამას? პასუხიც ცალსახაა — არა! თუმცა, სიტუაცია ევროპაში მათი მმართველობის ზონიდან გადის. მიუხედავად იმისა, რომ 1979 წლიდან დღემდე ჩატარებულია ევროპარლამენტის 10 რეგულარული არჩევნები და არც ერთი ვადამდელი, დღეს ევროკავშირში არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისის განმუხტვა მხოლოდ ევროპარლამენტის ვადამდელი არჩევნებით არის შესაძლებელი. ეს საკითხი დღის წესრიგში, ალბათ, მალე დადგება. რამდენი განცხადებაც არ უნდა გააკეთონ მემარჯვენე ძალის წარმომადგენლებმა კაია კალასზე ან სხვა ლიდერებზე, ქმედითი შედეგები ამას ვერ მოჰყვება. ევროპარლამენტი ჯერ ისევ მემარცხენე ძალებისა და „დიფ სთეითის“ ტყვეობაშია.

მართალია, 2024 წლის არჩევნებმა არა ევროპარლამენტის, არამედ საფრანგეთის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გამოიწვია, მაგრამ ეს იყო პირველი პრეცედენტი ევროპარლამენტის რამდენიმე ათეულწლიანი ისტორიის განმავლობაში, როდესაც არჩევნებმა ლიდერი ქვეყნის შიდა ვადამდელი არჩევნები გამოიწვია. მემარჯვენე ძალებმა სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიეს მემარცხენე ძალებს. ამის შედეგად მაკრონმა საფრანგეთში პარლამენტი დაითხოვა და ვადამდელი არჩევნები დანიშნა, თუმცა ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი ვერ დაძლია. ეს კრიზისი დღეს უკვე ევროპის სხვა ლიდერ სახელმწიფოებსაც მოედო და დღითიდღე ღრმავდება.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ 2024 წელს ევროპა და ამერიკის შეერთებული შტატები ერთი პოლიტიკური ჯაჭვი იყო და ამ პირობებშიც კი მემარჯვენე ძალებმა სერიოზულად შეარყიეს „ვოუქიზმის“ ლიბერალური პოლიტიკა, რას იზამენ დღეს, ევროპარლამენტის ვადამდელი არჩევნები რომ ჩატარდეს? ეს ყველასათვის ნათელია და სწორედ ამიტომ გლობალიზაციის ჩრდილოვანი მმართველები მთელი ძალით ებღაუჭებიან ლიბერალიზმის ბოლო ნავსაყუდელს — ევროპას, მაგრამ როდემდე?! სწორედ ეს „როდემდეა“ ის სიტყვა, რომელიც ნელ-ნელა ანგრევს ევროლიბერალების სკეპტიციზმს და აძლიერებს „ახალი ევროპის“ მედროშეებს. და თუ კარგად დავაკვირდებით, ჩუმი და თითქოს შეუმჩნეველი გადანაცვლება და „პოლიტიკური მოძრაობები“ აჩრდილივით მიჰყვება მოვლენებს. დღეს დროში ჩარჩენილი ქართული ოპოზიცია კვლავ წარსულის კითხვას სვამს — „სად და ვისთან იქნება საქართველო, თუ არა ევროპასთან?“. სინამდვილეში კი ერთადერთი რეალური კითხვა, რაც დღეს ისმის, არის — „სად და ვისთან იქნება ევროპა?“. თუ ამ რეალობიდან შევაფასებთ და გავზომავთ მომავალს, საქართველო აუცილებლად იქნება წარმატებული და სუვერენული სახელმწიფო. მანამდე კი წინ ბევრი პოლიტიკური ინტრიგისა და ახალი კატაკლიზმების მომსწრე გავხდებით. ის დასავლური პოლიტიკური ძალები, რომლებიც გუშინ თითს გვიქნევდნენ და მათი ბრძანებების შესრულებას ჩვენი ხალხის საწინააღმდეგოდ გვაიძულებდნენ, მალე თავად გახდებიან საკუთარი ხალხის პოლიტიკური არჩევანის მსხვერპლნი. „ახალი ევროპის“ იდეა ახალ ძალებს იკრებს“,- წერს თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა