ამერიკის შეერთებული შტატების „საზღვრის მეფემ“, ტომ ჰომანმა, მინეაპოლისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ შტატში საიმიგრაციო რეიდების მასშტაბის შემცირება პირდაპირ არის დამოკიდებული ადგილობრივი ჩინოვნიკების თანამშრომლობაზე. 26 იანვარს, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჰომანი მინესოტაში სპეციალური მისიით მიავლინა, რათა არალეგალი მიგრანტების წინააღმდეგ მიმართული ოპერაციები დაარეგულიროს.
ჰომანის განცხადებით, მისი მთავარი ამოცანა მინეაპოლისში „კანონიერებისა და წესრიგის აღდგენაა“. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქალაქში მანამ დარჩება, სანამ საზოგადოებრივი უსაფრთხოების პრობლემა საბოლოოდ არ მოგვარდება.
მისივე თქმით, საიმიგრაციო და საბაჟო კონტროლის სამსახურის (ICE) ოპერაციები უფრო უსაფრთხო და ეფექტური გახდება, ხოლო იმ თანამშრომლების საკითხი, რომლებიც ქცევის კოდექსს დაარღვევენ, მკაცრად განიხილება.
როგორც სააგენტო Reuters-ისთვის გახდა ცნობილი, მინესოტაში მომუშავე ICE-ის თანამშრომლებმა უკვე მიიღეს ახალი სახელმძღვანელო მითითებები. დოკუმენტის თანახმად, აგენტებს კატეგორიულად ეკრძალებათ საპროტესტო აქციების მონაწილეებთან ნებისმიერ კონტაქტში შესვლა.
პარალელურად, ვაშინგტონში ვითარება იძაბება. დემოკრატები და სენატის ზოგიერთი რესპუბლიკელი ICE-ის ოპერაციების გამო მთავრობის მუშაობის შეჩერებით („შათდაუნით“) იმუქრებიან. კონგრესის ზედა პალატაში გამართულ კენჭისყრაზე, კანონპროექტს, რომელიც შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის მასშტაბურ დაფინანსებას ითვალისწინებდა, მხარი მხოლოდ 45 სენატორმა დაუჭირა, ხოლო 55 წინააღმდეგ წავიდა.











