ირანელ კოლეგებთან პირდაპირი ურთიერთობის შესაძლებლობა თუ იქნება, შეერთებული შტატები ამისთვის ღია იქნება, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.
რუბიოს განცხადებით, აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი ირანულ მხარესთან შესახვედრად მზადაა. თუმცა, მისივე თქმით, შესაძლოა, შეერთებულმა შტატებმა ირანთან შეთანხმების მიღწევა ვერ შეძლოს.
„თუ ირანელებს შეხვედრა სურთ, ჩვენ მზად ვართ. მათ გამოთქვეს შეხვედრისა და საუბრის სურვილი. თუ გადაიფიქრეს, ამას ჩვენც დავეთანხმებით. მაგრამ ჩვენ შეხვედრას და საუბარს ვამჯობინებთ. დარწმუნებული არ ვარ, რომ ამ ბიჭებთან შეთანხმებას მივაღწევთ, მაგრამ ვეცდებით, გავარკვიოთ. ვერ ვხედავთ რაიმე საზიანოს იმის გარკვევაში, შესაძლებელია თუ არა რამის გაკეთება. ეს არის პრეზიდენტი, რომელიც ნებისმიერ კონფლიქტს ან ნებისმიერ გამოწვევას ყოველთვის მშვიდობიან შედეგს ამჯობინებს“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
ამასთან, მარკო რუბიოს თქმით, იმისთვის, რომ მოლაპარაკებებმა რეალური შედეგი დადოს, მხარეებმა ირანის ბირთვული პროგრამის გარდა, ბალისტიკური რაკეტების სპექტრი, რეგიონის მასშტაბით ტერორისტული ორგანიზაციების დაფინანსების საკითხი და ირანელი ხალხის მიმართ მოპყრობა უნდა განიხილონ.
ცნობისთვის, აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები 6 თებერვალს, სავარაუდოდ, ომანში გაიმართება. „აქსიოსის“ ინფორმაციით, ტრამპის ადმინისტრაცია ირანის თხოვნას დაეთანხმა და მოლაპარაკებები, თურქეთის ნაცვლად, ომანში გაიმართება. გავრცელებული ცნობით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები იმის შესახებ, შეუერთდებიან თუ არა რეგიონის სხვა ქვეყნები ომანში დაგეგმილ მოლაპარაკებებს.











