პოლიტიკა

ტატა ხვედელიანი – ვერანაირ ორმაგ სტანდარტს ვერ ვხედავ იმაში, რომ რომელიმე ქვეყანა რუსეთთან დიალოგს აპირებს

ყოველთვის ვამბობდით, რომ რუსეთს უნდა ვესაუბროთ, თუმცა ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვით. ჩვენი პოლიტიკური ძალისთვის ამაში მიუღებელი არაფერია, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა, ტატა ხვედელიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ვერანაირ ორმაგ სტანდარტს ვერ ხედავს იმაში, რომ რომელიმე ქვეყანა რუსეთთან დიალოგის დაწყებას ცდილობს.

„ის, რომ რომელიმე ქვეყანა ცდილობს და რუსეთთან დიალოგის დაწყებას აპირებს, მისასალმებელია. აქ ვერანაირ ორმაგ სტანდარტს ვერ ვხედავ. ჩვენთვის მისაღებია, რომ ქვეყნის და მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე დაიწყოს დიალოგი. ეს უნდა გაკეთდეს სწორად ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით და არა ისე, როგორც აკეთებს „ოცნება“, რომელიც საკუთარი ნაბიჯებით, გადაწყვეტილებებით მძიმე მდგომარეობაში, იზოლაციაში აგდებს ქვეყანას და მარტო ტოვებს პირისპირ ოკუპანტ ქვეყანასთან. ხელისუფლება არასწორ ნაბიჯებს დგამს, რაც ქვეყნის ინტერესებიდან არ გამომდინარეობს. ეს ხდება საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად.

თუნდაც ავიღოთ ჩორჩანას საქმე, როცა ყოფილი პრემიერის მიმართ სისხლის სამართლის დევნა დაიწყეს. ეს გამოძიება გახდა საფუძველი იმისა, რომ ახლა ოსეთის საოკუპაციო რეჟიმი ჩორჩანას საგუშაგოს მოხსნას ითხოვს. ეს და ბევრი ქმედება საქართველოს აზიანებს. ამიტომ ვამბობ, რომ „ოცნება“ ანტიეროვნული ხელისუფლებაა. რაც შეეხება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხს, მნიშვნელოვანია, აქ გათვალისწინებული იყოს ქვეყნის კონტექსტი. სანქციები უნდა დაწესებულიყო თუ – არა, ეს იმ დროს კონკრეტულ მდგომარეობაში უნდა განხილულიყო. შემთხვევებია და გონივრული ეჭვი არსებობს, რომ სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება „ოცნება“. კი ბატონო, ეს არ დადასტურდა, მაგრამ ეჭვები ხომ არსებობს? ხელისუფლება, რომელიც ეროვნულია, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა იქცეოდეს. დღეს კი, ხელისუფლების მიერ გადადგმული სხვადასხვა ნაბიჯის გათვალისწინებით ვამბობთ, რომ „ოცნება“ ანტიეროვნულია. რა პოლიტიკასაც ახორციელებენ, ქვეყნის ინტერესების მატარებელი არ არის“, – განაცხადა ტატა ხვედელიანმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა