საია-ს სარჩელში აღარ მოიაზრება „კამიტი“ და პირველი მსოფლიო ომის დროს გამოყენებული ქიმიური ნივთიერებები, სავარაუდოდ, თუთიყუში გამოჯანმრთელდა, ტანზე ბუმბული გამოუვიდა, ასევე ძაღლმაც იცნო პატრონი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მათიკაშვილის თქმით, „კამიტის“ და პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღის საკითხი აღარ დგას დღის წესრიგში.
„როგორც ვხვდები, „კამიტი“ და პირველი მსოფლიო ომის დროს გამოყენებული ქიმიური ნივთიერებები საია-ს სარჩელში აღარ მოიაზრება. აღარ ამბობენ, რომ „კამიტი“ იყო გამოყენებული. რა შეგვიძლია, ამაზე ვთქვათ? სავარაუდოდ, თუთიყუში გამოჯანმრთელდა, ტანზე ბუმბული გამოუვიდა. ასევე ძაღლმაც იცნო პატრონი, შესაბამისად, „კამიტის“ და პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღის საკითხი აღარ დგას დღის წესრიგში. ეს თემა ჩამოალაბორანტეს და დაიყვანეს წყლის ჭავლში რაღაც სხვა ნივთიერებების გამოყენების შინაარსით.
BBC-მ და ადგილობრივმა რადიკალებმა საზოგადოების მოტყუება ამ ამაზრზენი ტყუილით სცადეს. ჯერ ამაზე აქვთ მაგათ პასუხი გასაცემი. BBC-ის შემთხვევაში ვაპირებთ, დავა ბოლომდე მივიყვანოთ“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.
ამასთან, მისივე თქმით, ეტყობა, საია-მ ტაქტიკა შეცვალა.
„ჩვეულებრივად, უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციაა, რომელიც უცხოური ინტერესით მოქმედებს ჩვენს ქვეყანაში. მოწამვლაზე საუბრობენ და ერთი მოწამლული ადამიანის ფაქტი არ არის დაფიქსირებული იმ პერიოდში, ვინც სამედიცინო დაწესებულებას მიმართა. „კამიტზე“ და პირველ მსოფლიო ომის დროს გამოყენებულ იარაღზე უარი თქვეს და სახე ხომ უნდა შეენარჩუნებინათ, ამიტომ, ახლა გადავიდნენ ჩვეულებრივ ქიმიურ ნივთიერებაზე, რომელსაც ასევე არანაირი საფუძველი არ აქვს, რადგან მოწამლული არავინაა“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.











