საზოგადოება

ცოტნე ანანიძე- ჩემთვის ოჯახი უდიდესი პასუხისმგებლობაა და მჯერა, რომ ის მაშინ უნდა შეიქმნას, როცა იპოვი ადამიანს, რომელიც შენი ცხოვრებისეული მისიის თანაზიარი გახდება

პოლიტიკოსის სახელი საზოგადოების მეხსიერებაში ხშირად ტრიბუნასთან და სახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებებთან ასოცირდება. თუმცა, ცოტნე ანანიძის ბიოგრაფია ბევრად უფრო ღრმა და დინამიურია, ვიდრე უბრალოდ ოფიციალური სტატუსი. მისი გზა სტუდენტური აქტივიზმიდან დაიწყო. იმ პერიოდში იდეალებისთვის ბრძოლა და საზოგადოებრივი მუხტის შექმნა მისი ყოველდღიურობა იყო. ეს გზა არ ყოფილა მარტივი- წარმატებული სტუდენტობიდან პოლიტიკურ პატიმრობამდე გამოვლილმა წლებმა მისი ხასიათი და პრინციპები საბოლოოდ გამოკვეთა. მოგვიანებით იყო აქტიური  მედიაში, საიდანაც გზა  პოლიტიკაში გააგრძელა.

დღეს ცოტნე ანანიძე აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს ხელმძღვანელობს. ეს მძიმე პირადი გამოცდილება და პროფესიული ტრანსფორმაცია მის საქმიანობას განსაკუთრებულ მორალურ წონას სძენს;  ტელეწამყვანი, რომელიც პოლიტიკურ მოვლენებს  წლების განმავლობაში ეთერიდან აანალიზებდა, ახლა თავად არის პროცესების ეპიცენტრში, სადაც ადამიანებთან კომუნიკაცია და  უფლებების დაცვა უმთავრესი პრიორიტეტია. 

თუმცა, როდესაც საჯარო როლები სრულდება და პოლიტიკური ხმაური ცხრება, ჩნდება მთავარი კითხვა — ვინ არის ადამიანი ამ ბრძოლით მოპოვებული გამოცდილების მიღმა? დღეს ჩვენი სტუმარი ცოტნე ანანიძეა, ახალგაზრდა პოლიტიკოსი, რომლის ცხოვრებაც მუდმივმა საჯაროობამ და პასუხისმგებლობამ მოიცვა, მაგრამ კვლავ რჩება საზოგადოებრივი ინტერესის იმ სფეროში, რომელიც მის პროფესიას არ უკავშირდება.

– მინდა დაგისვათ კითხვა, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ბევრს აინტერესებს- „რატომ რჩება სასურველი სასიძო ჯერ კიდევ თავისუფალი?“ პოლიტიკა ხშირად მთლიანად იკავებს ადამიანის იდენტობას. თქვენთვის სად მთავრდება საჯარო ფიგურა და სად იწყება ცოტნე — პიროვნება? თავისუფალი სტატუსი საზოგადოებაში ხშირად მითოლოგიზებულია… როგორ ფიქრობთ, ეს არჩევანია, დროის საკითხი თუ შინაგანი პრინციპი?

– იცით, ზღვარი საჯარო ფიგურასა და პიროვნებას შორის ხშირად პირობითია, რადგან პოლიტიკაშიც იგივე ვარ, რაც რეალურ ცხოვრებაში. თუმცა, როგორც პიროვნება, იქ იწყება, სადაც მთავრდება ოფიციალური შეხვედრები და იწყება გულწრფელი საუბრები მეგობრებთან, ოჯახთან ან უბრალოდ საკუთარ თავთან სიჩუმეში. რაც შეეხება ჩემს „თავისუფალ სტატუსს“— ეს ალბათ უფრო ცხოვრებისეული ეტაპებისა და პრიორიტეტების თანხვედრაა. არ ვფიქრობ, რომ ეს მხოლოდ დროის დეფიციტის საკითხია. ჩემთვის ოჯახი უდიდესი პასუხისმგებლობაა და არა უბრალოდ სოციალური სტატუსი, რომელსაც „გეგმის მიხედვით“ უნდა მიაღწიო. უბრალოდ, ველოდები ისეთ შეხვედრას- კინოფილმის „შერეკილების“ არ იყოს ”მე მივხვდი, რომ ის, ის არის, და ის მიხვდა, რომ მე, მე ვარ“. ეს არ არის გააზრებული არჩევანი მარტოობის სასარგებლოდ, არამედ არის შინაგანი პრინციპი — არ გადადგა ასეთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი მხოლოდ იმიტომ, რომ ქორწინებაში იყო. 

 – ხომ არ არის პოლიტიკაში ჩართულობა გარკვეული მსხვერპლი პირადი ცხოვრების ხარჯზე?  რას თმობს ადამიანი, როდესაც პასუხისმგებლობას ირჩევს? 

– პირველ რიგში, ანონიმურობას და სიმშვიდეს. პასუხისმგებლობის არჩევა ნიშნავს, რომ შენი პირადი ინტერესები უკანა პლანზე გადადის და შენს ყოველ ნაბიჯს საზოგადოებრივი ინტერესი განსაზღვრავს. თმობ თავისუფალ დროს, რომელიც შეგეძლო, მხოლოდ საკუთარი თავისთვის დაგეთმო, და სანაცვლოდ იღებ ვალდებულებას, იყო სხვების ხმა. თმობ თავისუფალ დროს, გარკვეულ შემთხვევაში გამოხატვის თავისუფლებასაც.

– როგორი არის თქვენი იდეალური სიმშვიდის სივრცე— ადგილი ან მდგომარეობა, სადაც არ ხართ პოლიტიკოსი, არამედ უბრალოდ ადამიანი? 

– ჩემთვის სიმშვიდის სივრცე არ არის კონკრეტული ადგილი, არამედ ახლობლები, მეგობრები, ოჯახის წევრები, დედა, დები. ანუ ადამიანები, რომლებსაც უპირობოდ ვუყვარვარ  ისეთი, როგორიც ვარ. 

– თქვენს ყოველდღიურობაში, რა გეხმარებათ ბალანსის შენარჩუნებაში— წიგნი, მუსიკა, სიჩუმე?

-ვფიქრობ, სიჩუმისა და კარგი ლიტერატურის სინთეზი. ინტენსიური სამუშაო დღის შემდეგ, სიჩუმე აუცილებელია აზრების დასალაგებლად, წიგნი კი ის “სხვა სამყაროა”, რომელიც მუდმივად მახსენებს, რომ ცხოვრება პოლიტიკაზე ბევრად უფრო ვრცელი და მრავალფეროვანია.

– საზოგადოება ხშირად წარმატებას ქორწინებითაც „ზომავს“. თქვენთვის რას ნიშნავს პირადი ურთიერთობისთვის მზადყოფნა? 

– მზადყოფნა ნიშნავს სიმწიფეს — როცა აცნობიერებ, რომ ურთიერთობა არა მხოლოდ ემოცია, არამედ დიდი პასუხისმგებლობა და ერთმანეთის მხარდაჭერაა. ჩემთვის წარმატება ადამიანის შინაგან ჰარმონიაშია. ოჯახი უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა და მჯერა, რომ ის მაშინ უნდა შეიქმნას, როცა იპოვი ადამიანს, რომელიც შენი ცხოვრებისეული მისიის თანაზიარი გახდება. ამ საკითხთან დაკავშირებით საკმაოდ კონსერვატიული ვარ.

– საკუთარ თავში ყველაზე მეტად რა თვისებას აფასებთ, და რომელი თვისების განვითარებაზე მუშაობთ მუდმივად? 

– ყველაზე მეტად ვაფასებ რიდსა და ერთგულებას — პრინციპების, ქვეყნისა და ადამიანების მიმართ. რაც შეეხება განვითარებას, ვმუშაობ მოთმინების უნარის გაუმჯობესებაზე. პოლიტიკაში ხშირად გინდა შედეგი სწრაფად მიიღო, მაგრამ რეალური, ფუნდამენტური ცვლილებები დროსა და თანმიმდევრულობას მოითხოვს.

– არსებობს თუ არა მომენტი, როცა ფიქრობთ, რომ პირადი ცხოვრება შეგნებულად გადადეთ მომავლისთვის?

– არ ვფიქრობ, რომ რამე “დაგვიანებულია”. ყველა ეტაპს თავისი დრო აქვს და მიმაჩნია, რომ დღეს უფრო მეტად ვარ მზად სრულფასოვანი პირადი ცხოვრებისთვის, ვიდრე 10 წლის წინ.

– როგორ წარმოგიდგენიათ საკუთარი თავი 10 წლის შემდეგ?

– 10 წლის შემდეგ თავი წარმომიდგენია ადამიანად, რომელიც შეძლებს უკან მოხედვას…

ესაუბრა ჟურნალისტი თინათინ ფუტკარაძე

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა