პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: იმისთვის, რომ გადაილახოს ეს „დიდი დეპრესია“ და სტაგნაცია, საჭიროა საზოგადოებაში დიალოგის კულტურის დაბრუნება, ოჯახის, როგორც ზეღირებულების აღდგენა და მომავლისკენ ორიენტაცია

პარტია „ხალის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში წერს ქართული საზოგადოების გახლეჩასა და ეროვნული ღირებულებებისგან ჩამოშორებაზე.

ანალიტიკოსი ხაზს უსვამს, რომ დემოგრაფიული მდგომარეობის გაუარესებაზე გავლენას ახდენს ახალგაზრდების არჩევანი, არ შექმნან პოლიტიკური იდეოლოგიით „შერეული“ ოჯახები: „ახალგაზრდები განიცდიან მწვავე შეუთავსებლობას პოლიტიკურ და იდეოლოგიურ დონეზე და ამ ნიადაგზე აღარ ქმნიან „შერეულ“ ოჯახებს. იგივე პრობლემა აქვთ მათ მშობლებსაც, ერთმანეთთან შეუთავსებელ ურთიერთობებში“ – წერს დავით ქართველიშვილი.

ანალიტიკოსი ხაზს უსვამს, რომ საზოგადოებაში არსებული „დიდი დეპრესია“ გადაილახება ადამიანის ღირებულების საზომად იდეოლოგიის გადაქცევის შეწყვეტით. ქართველიშვილის სიტყვებით, რწმენისა და ეროვნული ინტერესების წინ დაყენების გზით, პრიორიტეტად ერის გადარჩენა უნდა იქცეს.

„ქვეყანაში სულ უფრო ხშირად ისმის დიაგნოზი: გლობალისტური ლიბერალიზმის კატასტროფულმა გავლენამ წარმოშვა საზოგადოების პოლარიზაცია, რომელმაც, ერთ დროს თითქოსდა ერთიანი და ტრადიციული ქართული საზოგადოება, სულ მცირე, სამ ანტაგონისტურად განწყობილ კლანად გახლიჩა. პოლიტიკამ დიდი ხანია დაკარგა იდეების სივრცის დანიშნულება, ის იდენტობის მარკერად იქცა, რომლის მიხედვითაც ადამიანები თითქოს კლანური კუთვნილებით იყოფიან. ადამიანების ყოველდღიურ ურთიერთობაში, მათ შორის ერთი ოჯახის სივრცეში, გაჩნდა საკუთარი „დიდი დეპრესია“, იმ ტერმინის მსგავსად, რომელიც ამერიკაში ასი წლის წინ ეკონომიკამ შვა, ხოლო ამჟამად „რესპუბლიკელი/დემოკრატის“ ურთიერთობებზე გადის. საქართველოშიც ეს ფენომენი სულ უფრო და უფრო თვალსაჩინო ხდება, როგორც საზოგადოების მორალურ-ფსიქოლოგიური კრიზისი, რომელიც აღწევს ოჯახებში, სუფრის საუბარში, ქუჩებისა და სოციალური ქსელების ატმოსფეროში. საქმე იქამდე მივიდა, რომ ახალი ტერმინის შემოღება დამჭირდა – „იდეოლოგიური კონტრაცეფცია“. ახალგაზრდები განიცდიან მწვავე შეუთავსებლობას პოლიტიკურ და იდეოლოგიურ დონეზე და ამ ნიადაგზე აღარ ქმნიან „შერეულ“ ოჯახებს. იგივე პრობლემა აქვთ მათ მშობლებსაც, ერთმანეთთან შეუთავსებელ ურთიერთობებში.

მიგრაციის, აბორტების, ლგბტ „კონტრაცეფციის“ გარდა, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუარესებაზე გავლენას უკვე ახდენს საზოგადოებრივ-პოლარიზებული ფაქტორიც. საზოგადოებაში, სადაც ქელეხების რაოდენობა აღემატება ქორწილებს, სადაც ახალშობილის სიცილი თუ ტირილი “წითელ წიგნშია” შეტანილი, ჩნდება სტაგნაციის განცდა. ადამიანები წყვეტენ “ცხოვრებას” და მთლიანად არიან დაკავებული “არსებობით”. მათი ყოველდღიურობა მოკლებულია სიცოცხლის „მადასა“ და ძველ ფერადოვნებას. ეს „დიდი დეპრესია“, რა თქმა უნდა, არ აისახება მშპ-სა თუ ეკონომიკური ზრდის ტემპების სტატისტიკაში, მაგრამ ის ჩანს დემოგრაფიული მდგომარეობის გაუარესებაში, საყოველთაო გაღიზიანებაში, ნდობისა და რწმენის დაკარგვაში.

ქართული საზოგადოებისათვის ტრადიციული ფასეულობების “კატალიზატორად” გამოყენება, ღმერთისადმი რწმენის განმტკიცების, სახარებისეული ჭეშმარიტებებისა და ეკლესიური ცხოვრების გარშემო გაერთიანების სახით, აშკარად შესუსტებულია. ამ ყველაფრის ფონზე, ბავშვები და შვილიშვილები, ვითარცა “ღრუბელი”, ისე იწოვენ მშობლებისა და ბებია-ბაბუების ფსიქოლოგიურ განწყობას, რაც მათ მომავალზე აუცილებლად აისახება. თუმცა, ნებისმიერი დეპრესია, თუნდაც „დიდი“, მარადიული არ არის. ისტორიის გაკვეთილი გვასწავლის, რომ კრიზისები ხშირად საზოგადოების გადატვირთვის წერტილად იქცევა. გარდატეხა იწყება არა აკრძალვებითა და ურთიერთბრალდებებით, არამედ პირადი პასუხისმგებლობის დაბრუნებით: ოჯახში საუბრის ტონის შეცვლით, განსხვავებულისადმი პატივისცემის აღდგენით, ადამიანის ღირებულების საზომად იდეოლოგიის გადაქცევის შეწყვეტით. მორწმუნეთათვის რწმენის გარშემო, ხოლო სეკულარული საზოგადოებისათვის საერთო ეროვნული მიზნების გარშემო გაერთიანება შესაძლებელი ხდება მხოლოდ ერთი პირობით: როდესაც პრიორიტეტი ხდება არა კლანური გამარჯვება, არამედ ერის შენარჩუნება. იმისთვის, რომ გადაილახოს ეს „დიდი დეპრესია“ და სტაგნაცია, საჭიროა საზოგადოებაში დიალოგის კულტურის დაბრუნება, ოჯახის, როგორც ზეღირებულების, აღდგენა და მომავლისკენ ორიენტაცია, სადაც ყოველი ბავშვის დაბადება არის ნათელი მომავლის იმედი, როდესაც ქორწილების რაოდენობა კვლავ გადააჭარბებს ქელეხებს, შობადობა – სიკვდილს. პოლარიზებულ საზოგადოებაში დღეს აღორძინებული, ჯერჯერობით მძიმე დებატების კულტურაც, მისასალმებელია, და ადრე თუ გვიან, ერთ სასაუბრო მაგიდასთან დაგვაბრუნებს. გარდა ამისა, გვიახლოვდება “მძიმე მარხვა”, რომელიც შეცდომით არის გაიგივებული მხოლოდ “გასტრონომიულ” შეზღუდვებთან. ერთმანეთის ჭამაზე გამოვაცხადოთ მორატორიუმი და საკუთარ თავში იმ ძველ და მივიწყებულ ქართველს აღმოვაჩენთ…“ – წერს დავით ქართველიშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა