პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: დღეს ყველა კარგად ხედავს, რომ საერთაშორისო ურთიერთობებში ნებისმიერი ქვეყანა საკუთარი ინტერესებით ხელმძღვანელობს და საერთო ღირებულებებზე საუბარი ხშირად ფასადურია და საკუთარი ინტერესების შენიღბვას ემსახურება 

„რატომ უნდა სურდეს ვინმეს საქართველოს ჩართვა იმ ომში, რომელშიც ის თავიდანვე განადგურებისთვისაა განწირული? სწორედ ამ რიტორიკულ კითხვას გვისვამენ ისინი, ვინც ამბობენ, რომ, თურმე, ჩვენ ვიგონებდით და დღესაც ვიგონებთ, გვეჩვენებოდა და დღესაც გვეჩვენება, რომ მეგობარ დასავლეთში ვინმეს ჩვენი ომში ჩართვა უნდა,“ – განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, რომ არა საქართველოს ხელისუფლების  პოლიტიკა, დღეს საქართველო უფრო სავალალო მდგომარეობაში იქნებოდა, ვიდრე უკრაინაა. 


„ყველაფერს რუსულს არქმევდნენ. სუვერენიტეტის დაცვა თურმე რუსული ყოფილა, მშვიდობაზე ზრუნვა თურმე რუსული ყოფილა, გამჭვირვალობა თურმე რუსული ყოფილა და გაუმჭვირვალობა თურმე ის არის, რისთვისაც უნდა ვიბრძოლოთ. შავი ფულის ჩაკეტვა, რა თქმა უნდა, მტკივნეულად აღიქვეს, თუმცა, მათი ტკივილი ჯობია საქართველოსა და საზოგადოების იმ ტკივილს, რომელიც, დიდწილად, გამოუსწორებელი იქნებოდა.

დღეს ყველა კარგად ხედავს, რომ საერთაშორისო ურთიერთობებში ნებისმიერი ქვეყანა საკუთარი ინტერესებით ხელმძღვანელობს და საერთო ღირებულებებზე საუბარი ხშირად ფასადურია და საკუთარი ინტერესების შენიღბვას ემსახურება. ამის მიუხედავად, ჩნდება კითხვა, რატომ უნდა სურდეს ვინმეს საქართველოს ჩართვა იმ ომში, რომელშიც ის თავიდანვე განადგურებისთვისაა განწირული? სწორედ ამ რიტორიკულ კითხვას გვისვამენ ისინი, ვინც ამბობენ, რომ, თურმე, ჩვენ ვიგონებდით და დღესაც ვიგონებთ, გვეჩვენებოდა და დღესაც გვეჩვენება, რომ მეგობარ დასავლეთში ვინმეს ჩვენი ომში ჩართვა უნდა. ეს, სხვათაშორის, არა მხოლოდ საქართველოს „ეჩვენებოდა“ და „ესიზმრებოდა“, არამედ „მოეჩვენა“ თურქეთსაც, როცა მისი პრეზიდენტი და შინაგან საქმეთა მინისტრი გამოვიდნენ და ღიად თქვეს, რომ თურქეთს ექაჩებოდნენ ომში. ასეთი მოჩვენებები ჰქონდა თურმე სლოვაკეთს, უნგრეთს და ბევრ ქვეყანას, რომელიც დღეს ინტენსიურად, სწორედ ასეთი მოჩვენებების გამო იცავს საკუთარი ქვეყნის ინტერესებს. 

იმის თვალსაჩინოებისათვის, თუ რამდენად ცინიკური შეიძლება იყოს საერთაშორისო პოლიტიკა უკრაინის ომთან დაკავშირებით, რამდენიმე ციტატას მოვიყვან: ლოიდ ოსტინი, აშშ-ის ყოფილი თავდაცვის მდივანი – „უკრაინელები ჩვენთვის ომობენ, ისინი იცავენ წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს, რათა ჩვენ არ მოგვიწიოს ამ ბრძოლაში პირდაპირი ჩართვა“;

ენტონი ბლინკენი, აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი – „რეალობა ისაა, რომ უკრაინა ჩვენთვის იბრძვის, ის მხოლოდ საკუთარი თავისთვის არ იბრძვის, ის ჩვენთვის იბრძვის. თუ დავაკვირდებით იმ ინვესტიციებს, რომლებიც ჩვენ განვახორციელეთ უკრაინის მთავრობისათვის, ჩვენს მიერ დახმარებისათვის გაწეული დახმარების 90 % რეალურად იხარჯება აქ, აშშ-ში, ჩვენ მწარმოებლებთან, ჩვენს წარმოებაში და ამან შექმნა მეტი სამუშაო ადგილი და მეტი ზრდა ჩვენივე ეკონომიკისათვის“;

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი – „უკრაინა გვიგებს დროს თავისი სისხლით, თავისი სიცოცხლეებით. ყველაფრით, რაც გააჩნია. რამდენი დრო შეიძლება გვიყიდონ, არ ვიცი. იმედი გვაქვს ისინი შეძლებენ გამარჯვებას, მაგრამ თუ ვერ შეძლებენ, მაშინ მოგვიწევს საკუთარ თავს ვკითხოთ, გამოვიყენეთ თუ არა ეფექტიანად ის დრო, რომელიც მათ იყიდეს“. ლანდსბერგისმა ეს სიტყვები, ჯერ კიდევ 2 წლის წინ, 2024 წლის იანვარში წარმოსთქვა, თითქმის, იმავე პერიოდში, როდესაც საქართველოში ჩამოვიდა და აქ მიტინგზე გამოვიდა თავისი ანტიქართული მოწოდებებით;

ლატვიის პრეზიდენტი ედგარ რინკევიჩი – „უკრაინა იბრძვის არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ჩვენს ნაცვლად.“ 

რომ არ ჩავყვე თითოეულ განცხადებას, რომელიც, რა თქმა უნდა, რისკებს შეიცავს არა მხოლოდ უკრაინისთვის, რის შედეგიც სახეზეა, უმძიმესი მდგომარეობაა და საქართველოც შესაძლოა ამ ბედის მოზიარე ყოფილიყო. ტვირთი, სიმძიმე და რისკები იქნებოდა გამორჩეულად მეტი, რადგან ყველანაირი რესურსი საქართველოს გამორჩეული აქვს, ვიდრე უკრაინას. და ბოლოს, მივედით სადამდე – საქართველომ შეინარჩუნა მშვიდობა, მაგრამ თურმე ევროპა რუსეთთან ერთად აპირებს უსაფრთხოების არქიტექტურის შექმნას და ეს მაშინ, როცა ჩვენთან გამჭვირვალობა, სუვერენიტეტზე ზრუნვა, მშვიდობაზე ზრუნვა ყოფილა რუსული. ეს რა თქმა უნდა, იყო სახიფათო, სახიფათოა დღესაც და ამიტომ, „ხალხის ძალა“ ყოველთვის მზადაა, როცა კი საჭირო გახდება, ნებისმიერი წინა ხაზი დაიკავოს სამშობლოსათვის და საზოგადოებისათვის, მათი უსაფრთხოების დასაცავად,“ –  განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ. 

მანვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ხალხის ძალა“ როგორც ოპოზიცია, მზადაა გააკრიტიკოს, წინააღმდეგობაც გაუწიოს ხელისუფლებას, მაგრამ თუ საკითხი ეხება სახელმწიფოს ინტერესს, მზადაა მასთან ერთად გაუმკლავდეს გამოწვევებს. 

„რა თქმა უნდა, ჩვენ მარტო ვერ შევძლებდით ამას, ხელისუფლებას სწორი პოლიტიკა რომ არ განეხორციელებინა. ჩვენ დღეს ვართ ოპოზიციაში, ეს არ არის მოჩვენებითი ოპოზიცია. ძალიან ბევრ საკითხში ზოგჯერ ვაჩვენებთ განსხვავებულ აზრს, ზოგჯერ წინააღმდეგობასაც. ამას თავად საზოგადოებაც ნახავს. მაგრამ, როცა ქვეყნის ინტერესებზე, მშვიდობაზეა, ქვეყნისა და საზოგადოების უსაფრთხოებაზეა საუბარი, მაშინ, რა თქმა უნდა ხელისუფლებასთან ერთად და ზოგჯერ ხელისუფლებაზე წინ, შესაძლოა მათი დამცველებიც კი აღმოვჩნდეთ, იმიტომ, რომ ეს არის სამშობლოს ინტერესი და არა ვინმეს პარტიული, ან რომელიმე NGO-ს უფრო მეტი ფულის ინტერესი, ან ის, რომ საქართველომ იცხოვროს სხვა ქვეყნის ინტერესებზე მორგებულმა. რა თქმა უნდა, საქართველო იქნება მშვიდობიანი, საქართველომ იქნება წარმატებული და დღეს ჯერ კიდევ არსებულ პრობლემებს ერთად დავძლევთ,“ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ. 

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა