Uncategorized

მაკა ბოჭორიშვილი – საქართველო არ გაქრება რუკიდან, მის უნიკალურ სტრატეგიულ როლს ვერცერთი გზა ვერ ჩაანაცვლებს, ჩვენს რეგიონს თუ რაღაც გზა დაემატება, რეგიონის ფასი მხოლოდ გაიზრდება

საქართველოს უნიკალურ სტრატეგიულ როლს ვერცერთი გზა ვერ ჩაანაცვლებს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა ქვეყანას დაკავშირებადობის კუთხით უმნიშვნელოვანეს კვანძად აქცევს და ვერანაირი ახალი გზის ან მიმართულების გაჩენა საქართველოს პოტენციალს ამ კუთხით ვერ შეასუსტებს.

„ამის რისკს ნამდვილად ვერ ვხედავ და არ არსებულია, ჩვენ ამ შიშებით ვიყოთ, ვინმემ შეგვაშინოს, რომ საქართველო გაქრება რუკიდან. საქართველო ნამდვილად არ გაქრება რუკიდან. უბრალოდ, შესაძლოა, კითხვის ნიშანი დასვა იმ ხალხის კომპეტენციასთან დაკავშირებით, ვინც საუბრობს დაკავშირებადობაზე და არ ახსენებს ევროპისთვის მთავარ რგოლს – საქართველოს. ან, არ ახსენებს კი არა, ერჩის და პირიქით, ცდილობს, რაღაცნაირად დააზიანოს ეს გზა მაშინ, როდესაც სხვა ალტერნატივა დღეს არ არსებობს“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ახალი გზების მშენებლობა რეგიონისთვის მნიშვნელოვანი აქტივია. მისი შეფასებით, არის გარკვეული მცდელობები, რომლებიც საქართველოს სტრატეგიული ფუნქციის დაკნინებას ემსახურება, თუმცა რეალობაა, რომ, ახალი მიმართულებების გაჩენის მიუხედავად, საქართველო თავის სტრატეგიულ მნიშვნელობას მსოფლიოს გეოპოლიტიკურ რუკაზე უცვლელად ინარჩუნებს.

„რაც არ უნდა ვისაუბროთ, არის დღეს ინტენსიურად საუბარი აზერბაიჯანი-სომხეთის ახალი გზების მშენებლობაზე, რომელზეც თამამად შეგვიძლია მშვიდად და წყნარად ვთქვათ, რომ კარგია რეგიონისთვის. ეს თუ განვითარდება და დაემატება რაღაც გზა ჩვენს რეგიონს, ჩვენი რეგიონის ფასი მხოლოდ და მხოლოდ გაიზრდება სწორედ დაკავშირებადობის კონტექსტში, მაგრამ წარმოუდგენელია, რომელიმე გზამ ჩაანაცვლოს საქართველო, მაშინ როდესაც ამდენი ხნის განმავლობაში ეს გზა არსებობს, მოქმედებს, ვითარდება. ყოველწლიურად მოთხოვნა იზრდება და არა მცირდება. კიდევ სამი-ოთხი მარშრუტი რომ დაემატოს მას, მაინც საკმარისი არ იქნება ალბათ იმ ყველაფრისთვის, რაც ხდება დღეს დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის, როდესაც ტვირთბრუნვაზეა საუბარი. აქედან გამომდინარე, როგორ ცდილობენ ზოგიერთები გამოიყენონ აზერბაიჯანის და სომხეთის ურთიერთობები საქართველოსთან მიმართებით და წარმოაჩინონ ან თითქოს ორაზროვანი კითხვები დასვან, თქვენ როგორ უყურებთ, კარგად ვუყურებთ ამ ყველაფერს, გვიხარია, მოგვწონს და არ ვუყურებთ ამას როგორც საქართველოზე გამავალი გზის კონკურენტ გზას“, – აღნიშნა მინისტრმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა