პოლიტიკა

როგორ ასაღებდნენ უცხოელი აქტორები ბაჩიაშვილს პოლიტიკურ პატიმრად, რომელმაც ყველა წარდგენილი ბრალდება აღიარა

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი ბაჩიაშვილი, რომელსაც “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე თერთმეტი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე პატიმრობიდან გათავისუფლდა.

პროკურატურის ცნობით, ბაჩიაშვილმა სრულად აღიარა დანაშაული ყველა სისხლის სამართლის საქმეზე, ითანამშრომლა გამოძიებასთან, აანაზღაურა ზიანი, რის საფუძველზეც გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება პირობით მსჯავრზე და ჯარიმაზე.

გავიხსენოთ, თუ რა განცხადებებს აკეთებდნენ უცხოელი აქტორები გიორგი ბაჩიაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით და როგორ ცდილობდნენ, ის პოლიტიკურ პატიმრად წარმოეჩინათ. ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, ჯინ შაჰინი გიორგი ბაჩიაშვილის დაკავების საქმეზე მტკიცედ აცხადებდა, რომ “გიორგი ბაჩიაშვილის გატაცების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია დარტყმაა ქართული დემოკრატიისთვის”. შაჰინის განცხადებას არ ჩამორჩა აშშ-ის “ჰელსინკის კომისია”, რომელმაც ხელისუფლება ტოტალურ თავდასხმაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ “საქართველოს დე-ფაქტო მთავრობა თავს ესხმის ყველას, ვინც დემოკრატიისთვის ბრძოლას ბედავს. ეს ამის კიდევ ერთი მაგალითია”.

ეს საკითხი არც გერმანიის ელჩისთვის, პეტერ ფიშერისთვის დარჩენილა ყურადღების მიღმა, რომელმაც შეშფოთება გამოხატა და აღნიშნული საქმე პოლიტიკურად მოტივირებულ ანგარიშსწორებად მიიჩნია.

“გერმანია და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების უმრავლესობა ძალიან შეშფოთებულები არიან იმაზე, რაც საქართველოში ხდება. ძალიან ვწუხვართ საქართველოსა და ევროკავშირის დაშორებით, რომელიც საქართველომ გამოიწვია და არა ევროკავშირმა. დღესაც კი ძალიან მძიმე ამბავი მოხდა, ყოველდღიურად გვაქვს მძიმე ამბები საქართველოდან, ვგულისხმობ გიორგი ბაჩიაშვილის ამბავს. დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ეს დიდი შეშფოთების საგანია”, – აღნიშნა ფიშერმა.

იგივე რობერტ ამსტერდამი, “ამსტერდამ და პარტნიორების” LLP-ისდამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი, რომელიც ბაჩიაშვილის საერთაშორისო ადვოკატია, მიიჩნევდა, რომ გადაწყვეტილება უსამართლოა და აღნიშნული საკითხი მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის პირადი და პოლიტიკური ინტერესის საგანს წარმოადგენდა.

“ეს უკანასკნელი გადაწყვეტილება ღრმად უსამართლოა, მაგრამ გასაკვირი არ არის იმ ქვეყანაში, სადაც სასამართლო პოლიტიკური ძალაუფლების ტყვეობაშია. თავიდანვე გიორგი ბაჩიაშვილი ბიძინა ივანიშვილის მიერ წარმართული უსაფუძვლო დევნის სამიზნე იყო, რომლის შედეგიც წინასწარ იყო განსაზღვრული. მტკიცებულებები არ არსებობს და გზავნილი ნათელია: ივანიშვილის საქართველოში არავინ არის დაზღვეული პოლიტიკური დევნისგან”, – აღნიშნავდა ის.

ამასთან, ამ თემას სტატია მიუძღვნა ბრიტანულმა გამოცემამ -The Guardian, რომელიც წერდა, რომ გიორგი ბაჩიაშვილი მილიარდერი პოლიტიკოსის “ვენდეტის” მსხვერპლი გახდა.

ზემოხსენებული განცხადებები ცხადყოფს, რომ მათი გზავნილები ცრუ ნარატივებზეა აგებული, რათა მიზანმიმართულად მოხდეს არსებული რეალობის დამახინჯება და საზოგადოებისთვის მცდარი წარმოდგენების შექმნა. აღსანიშნავია ისიც, რომ მსგავსი ბრალდებების ფონზე, გიორგი ბაჩიაშვილის მიერ დანაშაულის აღიარების ფაქტს უცხოელი დიპლომატების მხრიდან არავითარი რეაგირება არ მოჰყოლია.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა