როდესაც საუბარი იყო ფასწარმოქმნის ჯაჭვში სუბიექტებს შორის ურთიერთობებზე, მხედველობაში მაქვს მწარმოებელი, დისტრიბუტორი და საცალო ქსელის ოპერატორი – ასიმეტრიული ურთიერთობა შეიმჩნევა, რაც ნიშნავს იმას, რომ ჯაჭვში, რგოლის ზედა მხარეს, მოლაპარაკების უფრო მეტი ძალაუფლება აქვს და ის განსაზღვრავს კომერციულ პირობებს, რომელშიც შედის გადახდები და საქონლის ბრუნვა, – ამის შესახებ სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა, განაცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანი პრობლემაა ასიმეტრიული ურთიერთობა, ვინაიდან, ფასწარმოქმნის ჯაჭვში მყოფი კომპანიები არათანაბარ პირობებში არიან. ბერეკაშვილის განმარტებით, პრობლემაა ასევე სამუშაო კაპიტალის დეფიციტი.
„რიგმა კომპანიებმა დააფიქსირეს პოზიცია, რომ საქონლის ბრუნვის მონიტორინგსაც ვერ ახორციელებს ქსელურ ოპერატორებთან ურთიერთობაში და ეს მნიშვნელოვანი პრობლემაა. ანუ, ასიმეტრიული ურთიერთობა, ჯაჭვში მყოფ კომპანიებს არათანაბარ პირობებში აყენებს.
ამ მესამე პრობლემიდან გამოიკვეთა მეოთხე, რომ ეს პირდაპირ აისახება სამუშაო კაპიტალის დეფიციტზე და კომპანიების დიდი ნაწილი იძულებული არიან, სამუშაო კაპიტალი შეავსონ საკრედიტო კაპიტალით, რაც არც ისე იაფია. მათ თქვეს, რომ რიგ შემთხვევაში 15-16 პროცენტია და ეს ყოველივე ერთეულის ღირებულებაზე აისახება – აქ მნიშვნელოვანი კორექციაა საჭირო.“ – განაცხადა მან.
როგორც კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, „ასევე, რიგი კომპანიების შემთხვევაში იყო ნაშთების მართვის პრობლემები და დანაკარგები, რადგან საცალო ქსელთან ურთიერთობაში რადგან სასაქონლო ბრუნვის კონტროლი არ ხდება, აქედან გამომდინარე, რთულია ნაშთების სწორი მართვა და დანაკარგების შემცირება. ესეც პრობლემაა და კორექციას საჭიროებს.“











