ჩვენ არავისთან გაერთიანებას არ განვიხილავთ – ჩვენთვის წითელი ხაზია ოპოზიციურ ფლანგზე არსებული „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომავლობის პარტიები და მისი განშტოებები, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ტატა ხვედელიანმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ლელოს“ განცხადებას, რომ „გააგრძელებენ პოზიციონირებას, როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური სუბიექტი”.
მისი შეფასებით, “ლელოს” გადაწყვეტილება მისასალმებელია.
“ჩვენ არავისთან გაერთიანებას არ განვიხილავთ. ჩვენთვის წითელი ხაზია ოპოზიციურ ფლანგზე არსებული “ნაციონალური მოძრაობის” წარმომავლობის პარტიები და მისი განშტოებები. შესაბამისად, არავითარ გაერთიანებაზე არაა საუბარი. თუ კონკრეტულმა ოპოზიციურმა პარტიამ, “ლელომ” გადაწყვიტა, რომ მარტო განაგრძოს ბრძოლა, რა თქმა უნდა, მისასალმებელია. ჩვენ მათთან თანამშრომლობის პრეცედენტი გვქონდა იმისთვის, რომ საერთო მიზანი მიღწეული ყოფილიყო. იმისთვის, რომ საერთო პოზიციები გაგვეძლიერებინა, ჩვენ თვითმმართველობის არჩევნების ფორმატში ვითანამშრომლეთ. თუმცა ამის შემდეგ ეს თანამშრომლობა არ გაგრძელებულა. ჯერჯერობით ჩვენ არაფერს განვიხილავთ, თუმცა ვნახოთ შემდეგ რა იქნება”, – აღნიშნა ტატა ხვედელიანმა.
ცნობისთვის, „ძლიერი საქართველო – ლელო“ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ გააგრძელებენ პოზიციონირებას, როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური სუბიექტი. კერძოდ, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ძლიერი ოპოზიცია იქმნება კონკურენტული მრავალფეროვნებით და არა იძულებითი ერთგვაროვნებით, თუმცა „ძლიერი საქართველო – ლელო“ მზად არის კოორდინაციისა და თანამშრომლობისთვის კონკრეტულ, საერთო ეროვნულ ინტერესებთან დაკავშირებულ საკითხებზე და ქმედით სამოქმედო ფორმატებში.











